ახალი ამბები
გორის ძველ უბანში წვიმის წყალმა მიწა ჩაანგრია
ბესარიონ ჯუღაშვილის ქუჩაზე უხვი ნალექის დროს წყალი სახლების ქვეშ მიედინება.

ამის შესახებ ადგილობრივმა მოსახლეობამ ქალაქის მერიას ერთი კვირის წინ აცნობა.

რეაბილიტირებულ უბანში ფილების ქვეშ ნიადაგმა წყალს ვერ გაუძლო. ფოტოზე, სწორედ, ჩანგრეული ადგილი ჩანს, რომელიც დროთა განმავლობაში თანდათან ფართოვდება.

,,წყალი ორივე მხარეს გადის. ჩანს, რომ გვირაბია და, როგორც ვიცით, მანდ საკომუნიკაციო სისტემებია დამონტაჟებული. ჩვენი ძალებით არაფრის გაკეთებას ვაპირებთ, ისტორიული უბანია და მხოლოდ სპეციალისტების ჩართვაა საჭირო" - აცხადებენ ადგილობრივები.

ისინი შიშობენ, რომ წყალი ე.წ. გვირაბს სხვა ადგილებზეც გააფართოვებს და ნიადაგს ჩაანგრევს.

ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობის კოლექტიურ წერილის საფუძველზე ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტები ვითარებას შეისწავლიან. საქმის წარმოების წესის მიხედვით, რეაგირების მაქსიმალური ვადა ერთი თვეა.

გორის ძველი უბანი 2012 წელს გარემონტდა და 8 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.





Print

სტატიის გამოყენების პირობები