ახალი ამბები
შპალსაჟღენთ ქარხანასთან დემოდეკოზით დაავადებული ძაღლები ცხოვრობენ
ქალაქ გორში, სადგურის დასახლებაში, სავარაუდოდ, დემოდეკოზით დაავადებული ძაღლები ცხოვრობენ.

ამის ამსახველი ფოტო შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მიაწოდეს.

ფოტოს ავტორის თქმით, ერთი დედა ძაღლი და მეორე მისი შვილია. ისინი შპალსაჟღენთი ქარხნის ტერიტორიასთან ცხოვრობენ. ტერიტორიის სიახლოვეს მიკრო სავაჭრო ცენტრია, სადაც ქატოს და ფქვილს ჰყიდიან.

დემოდეკოზი პარაზიტული დაავადებაა. მისი გამომწვევი დემოდექსის ტკიპა კანშიგა პარაზიტია. ცხოველებში დემოდეკოზის სამი კლინიკური ფორმაა მოსალოდნელი. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ სკვამოზური ანუ ქერცლოვანი ფორმა. ის ძაღლებში ყველაზე ხშირად გვხვდება, რასაც გარკვეული მიზეზი აქვს: ვინაიდან ძაღლის ცხიმოვანი ჯირკვლების სადინარები საკმაოდ ფართოა, დემოდექსის ტკიპა მათში ადვილად აღწევს და ყველაზე ადრე სწორედ მათ აზიანებს.

დასნებოვნების შემდეგ დემოდექსი განსაკუთრებით ინტენსიურად მრავლდება ჰორმონ ოქსიტოცინის ზემოქმედებით, ეს უკანასკნელი კი ძაღლის ორგანიზმში უხვად წარმოიქმნება ლეკვების ძუძუთი კვებისას. ამის გამო მეძუძური ძაღლის ორგანიზმში დემოდექსი გაცილებით სწრაფად მრავლდება და ძუძუს წოვებისას ლეკვებსაც ასნებოვნებს.

ბოლო ხანს ეს დაავადება ადამიანებს შორისაც გახშირდა, თუმცა ადამიანის კანში დემოდექსის მხოლოდ რამდენიმე სახეობა პარაზიტობს. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები