ახალი ამბები
გორის სოფლებში გამგებლის წარმომადგენლები დეკემბრამდე ხელშეკრულებით იმუშავებენ
1 სექტემბრიდან გორის მუნიციპალიტეტის სოფლების წარმომადგენლები მუშაობას ხელშეკრულების საფუძველზე გააგრძელებენ.

ამის შესახებ ბრძანებას გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა ხელი დღეს მოაწერა.

ბრძანების მიხედვით, ორი მუნიციპალიტეტის - ქალაქისა და თემის გაერთიანებამდე - 22 რწმუნებული შტატგარეშედ იმუშავებს. გარდა ამისა, 8 პირი, რომელიც ხელშეკრულებით სხვადასხვა სამსახურში მიწვეულ სპეციალისტად მუშაობდა, შტატში დაამტკიცეს.

გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსის, რეზო გოგიაშვილის განცხადებით, პროცესი გამოიწვია ახალმა კანონმა, რომელიც 2017 წლის პირველი ივლისიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ სახელით ამოქმედდა.

კერძოდ, 1 ივლისიდან სხვადასხვა სამსახურებში მომუშავე პირებს, შესაბამისი, პროფესიული და არაპროფესიული საჯარო მოხელის სტატუსი მიანიჭეს.

,,თავისი არსით, მაგალითად, რწმუნებულები აღარ წარმოადგენს პროფესიული სტატუსის მქონე მოხელეებს, ისინი, ფაქტობრივად, გამგებლის კომპეტენციის ფარგლებში მუშაობდნენ და მის დამხმარე მუშაკს წარმოადგენდნენ, რასაც ვერ ვიტყვით, მაგალითად, შესყიდვების სამსახუში მიწვეულ სპეციალისტზე.“ - განაცხადა რეზო გოგიაშვილი.

მიწვეული სპეციალისტი ნიკოლოზ ლაფაჩი, რომელიც რეზო გოგიაშვილმა ახსენა, შესყიდვების სამსახურში ხელშეკრულებით მუშაობდა. მას სხვადასხვა კომპანიების მიერ შედგენილი პროექტების შესწავლა ევალებოდა. პირველი სექტემბრიდან ნიკოლოზ ლაფაჩი უკვე შტატიანი თანამშრომელი იქნება, რადგან მისი საქმიანობა წარმოადგენს პროფესიული საჯარო მოხელისთვის დამახასიათებელ ნიშნებს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აღნიშნული ცვლილება 2017 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდა. რატომ არ მოხდა რანგირების შეცვლა 1 ივლისიდან 1 სექტემბრამდე, რეზო გოგიაშვილი განმარტავს:

,,რანგირების ახალ სისტემაზე გადასვლის შესახებ გამგებელმა შესაბამისი აქტი 2017 წლის 16 ივლისს გამოსცა. მომზადდა პროექტი და წარედგინა საკრებულოს. საკრებულოს წევრები, თავის მხრივ, დაელოდნენ გარდამავალი პერიოდისთვის გათვალისწინებულ ცვლილებებს თვითმმართველობის კოდექსში. გარდამავალ პერიოდამდე, მუნიციპალიტეტს უშტატო თანამშრომელი არ უნდა ჰყოლოდა მოხელეთა საერთო რაოდენობის 10%-ზე მეტი. ამჟამად, ეს ფორმულა აღარ მოქმედებს და საკრებულომაც ამის შემდეგ დაამტკიცა გამგებლის წინადადება“ - განმარტავს რეზო გოგიაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები