ახალი ამბები
გამყოფ ხაზთან სადემარკაციო ნიშნების მონტაჟი სექტემბრიდან განახლდება
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ძალოვანი უწყების წარმომადგენლები გამყოფი ხაზის მთელ პერიმეტრზე საინფორმაციო ნიშნებს დააყენებს.

ამის შესახებ ინფორმაციას დღეს ცხინვალის უშიშროების კომიტეტის პრეს-სამსახურმა გაავრცელა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ე.წ. სასაზღვრო ზოლთან ცხინვალელ მოქალაქეებს შესვლისა და გასვლის უფლება ექნება.

უშიშროების კომიტეტის ცნობით, დე-ფაქტო ხელისუფლების საზღვარი 467,4 კმ-ს აღწევს.

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ გამყოფ ხაზთან სადემარკაციო ნიშნების დაყენება ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება ახორციელებს.

,,დღეისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის საერთო სიგრძე 350 კმ-ზე მეტს შეადგენს და მის გასწვრივ ჯამში დაახლოებით 52 კმ-ზე მეტი სიგრძის მავთულხლართები და ღობეებია დაინსტალირებული". - ეს ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიაწოდა.

უწყების ცნობით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ფართობი 3,8 ათას კმ შეადგენს და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, მთელ პერიმეტრზე ფრაგმენტულად ხორციელდება.

,,ამ დროისთვის რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების ფართობი ცხინვალის რეგიონის მიმართულებთ 3,8 ათას კმ²-ს, ხოლო აფხაზეთის მიმართულებით - 8,7 ათას კმ²-ს შეადგენს. მთლიანობაში 2008 წლის ომამდე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს 125 სოფელი ექვემდებარებოდა,აგვისტოს ომის შედეგად კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ. 2008 წლის აგვისტოდან 2010წლის ოქტომბრამდე, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ, ოკუპირებული იყო ასევე საჩხერის რაიონის სოფელი პერევი." - აცხადებენ სუს-ში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები