ახალი ამბები
გორის გამგეობის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს ბრალი წაუყენეს
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს გულიკო ბზიშვილს პირობითი მსჯავრი დაედო.

ამის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება გამგებელს დავით ონიაშვილს გორის სასამართლოდან გუშინ მიუტანეს.

იურიდიული განყოფილების უფროსმა რეზო გოგიაშვილმა ადმინისტრაციული საქმის წარმოება, სამსახურიდან გულიკო ბზიშვილის გათავისუფლების შესახებ, უკვე დაიწყო.

გულიკო ბზიშვილს იმედი აქვს, რომ გამგეობა საკითხს მისთვის სასარგებლოდ გადაწყვეტს, რადგან მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას საჯარო სამსახურში მუშაობის უფლება არ ეკრძალება.

საქმე იმაშია, რომ 2016 წელს ანტიკორუფციულმა სამსახურმა კულტურის ცენტრის ფინანსური საქმიანობის შემოწმება დაიწყო.

აღმოჩნდა, რომ 2016 წლის შემოდგომით, რთველზე, კულტურის ცენტრმა ჩექმები, სასხლავი მაკრატლები და სხვა საჭირო ნივთები, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, შეიძინა გულიკო ბზიშვილის დისშვილისგან.

,,ანტიკორუფციული სამსახურმა თითქოს აღმომიჩინა 2710 ლარის მითვისება. ვიყავით, საკმაოდ, ფორსმაჟორულ სიტუაციაში. დღენახევარში უნდა მომესწრო ღონისძიების გამართვა. ჩამოსული იყვნენ პოლონელები. იმის გამო, რომ ტენდერი არ შედგა, საჭირო ნივთები შევიძინე ნიკოლოზ ვანიშვილისგან, რომელიც არის ჩემი დისშვილი. ამის შესახებ თავის დროზე საქმის კურსში შესაბამისი სამსახურები იყვნენ. რატომღაც ეს ჩამითვალეს დარღვევად" - ამბობს გულიკო ბზიშვილი.

პროკურატურამ, ანტიკორუფციული სამსახურის მასალებზე დაყრდნობით, ბრალი გულიკო ბზიშვილის შვილს და დისშვილს წაუყენა. სამივე მათგანს პირობითი მსჯავრი დაედო და ჯარიმის სახით 1000-1000 ლარი დაეკისრათ.

,,ასევე, დამეკისრა იმ თანხის ანაზღაურება, რომელიც მე ღონისძიებისთვის დავხარჯე" - განმარტავს გულიკო ბზიშვილი.

იურიდიული სამსახურის უფროსი რეზო გოგიაშვილი აღნიშნავს, რომ საერთო ჯამში გულიკო ბზიშვილის მმართველობის დროს, სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, სულ 4 339 ლარი გაიფლანგა. რეზო გოგიაშვილის დასახელებულ თანხას გულიკო ბზიშვილი არ ეთანხმება და საქმის მასალების გაცნობისას დაგვიდასტურებს.


ფოტოზე: გულიკო ბზიშვილი კულტურის სამსახურის უფროსთან არსენ აზალაძესთან ერთად
Print

სტატიის გამოყენების პირობები