ახალი ამბები
მორიგი ტრაგედია კარალეთის გზაზე - ,,ნაჭარმაგევთან" მანქანა 30-წლამდე ასაკის მამაკაცს დაეჯახა
მამაკაცი, რომელსაც წუხელ მანქანა დაეჯახა, ადგილზე გარდაიცვალა.

ის ყაზბეგიდან გორში სტუმრად იმყოფებოდა. მეუღლე გორის რაიონიდანაა და აწ გარდაცვლილი სოფელ ქერეში აპირებდა წასვლას.

შემთხვევა გორი-კარალეთის გზაზე, რესტორან ,,ნაჭარმაგევის" სიახლოვეს მოხდა.

30-წლამდე ასაკის მამაკაცი ფეხით მიდიოდა. შეამჩნია, რომ გზის მეორე მხარეს მისთვის უცნობი პიროვნება მანქანას ხელით მიაგორებდა და მის დასახმარებლად გაემართა.

ამ დროს კი, საპირისპიროდ მიმავალი სხვა ავტომანქანა დაეჯახა.

,,ჩვენ ვერც გავიგეთ ეს ამბავი. გვიან მომხდარა და მაგ დროს დაკეტილები ვიყავით" - აცხადებენ რესტორანში.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, მძღოლის ვინაობა დადგენილია და, მათი ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა.

,,ველოდებით ექსპერტიზის პასუხებს და ამის შემდეგ გამოიკვეთება კონკრეტული პირის ბრალეულობის საკითხი" - აცხადებენ შსს-ში.

მიმდინარე წელს ეს, უკვე, მეორე შემთხვევაა, როდესაც ფეხით მოსიარულე მანქანამ კარალეთის გზაზე იმსხვერპლა. 2017 წლის აპრილში ხარაგაულელ ახალგაზრდას, რომელიც რესტორნის მხრიდან შინ დასაბრუნებლად ავტობანისკენ მიდიოდა, ჯერჯერობით დაუდგენელი პიროვნება მანქანით დაეჯახა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები