ახალი ამბები
ოტრევთან ცეცხლის მცირე კერაა დარჩენილი (PHOTO)
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ოტრევთან, რომელიც ცხინვალის რაიონს ეკუთვნის, ცეცხლი თითქმის ჩამქრალია.

დილის მონაცემებით, კვამლი, მხოლოდ, ბუჩქნართან ჩანს.

გორის სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე რჩებიან. გუშინ გვიან საღამოს გაჩენილმა ხანძარმა იმ სახლებამდე ვერ მიაღწია, რომელიც ტყის მასივში, მთის ფერდობზე დგას.

სამაშველო-სამსახურის თანამშრომლები ამბობენ, რომ გვიან ღამით დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის კონტროლირებულ ტერიორიაზე გარკვეული ცოცხალი ძალა შეამჩნიეს, თუმცა, დაზუსტებით, უცნობია, ისინი ცხინვალის სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ თუ მოქალაქეები.

ოტრევი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავს ესაზღვრება. გამყოფ ხაზთან, მწვანე ბანერთან სამი სასაფლაოა, ერთი სოფელ ოტრევს ეკუთვნის, ორი - ფლავს. ფლავსა და ფლავისმანისკენ ცეცლის გავრცელების საშიშროება ნაკლებად არსებობდა სარწყავი არხის გამო.

ფაქტის შესახებ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას ინფორმაცია არ გაუვრცელებია.





















Print

სტატიის გამოყენების პირობები