ახალი ამბები
გორის მერი ფეისბუქზე ბოლო ,,ლაივსტრიმით" ჩაერთვება
,,ლაივსტრიმის“ ბოლო შემაჯამებელი გადაცემა ქალაქ გორის მერიის ფეისბუქგვერდზე 6 სექტემბერს გავა. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის ზურაბ ჯირკველიშვილის გადაწყვეტილებით, წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით პროექტი დროებით აჩერებს მუშაობას.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მერიის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის, ელზა მიქელაძის თქმით, ,,ლაივსტრიმის“ ბოლო გადაცემაში იწვევენ ყველას, ვისაც სურვილი აქვს გაეცნოს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით განხორციელებული პროექტის შედეგებს, შეაფასოს პროექტი, როგორც მერიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით დანერგილი მექანიზმი, და პირისპირ დაუსვას კითხვა ბატონ ზურაბ ჯირკველიშვილს - ქალაქ გორის თვითმმართველობის ისტორიაში პირველ არჩეულ მერს.

,,ლაივსტრიმის“ პროექტი ქალაქ გორის მერიაში 2016 წელს დაინერგა. პირველი გადაცემა აღნიშნული პროგრამის საშუალებით ეთერში 13 აპრილს გავიდა. 

დღემდე ეთერში გავიდა 75 გადაცემა, მაყურებელთა კითხვებს და ამ კითხვებზე პასუხებს დაეთმო დაახლოებით 68 საათი, პასუხი გაეცა 700 - მდე კითხვას, ვიდეოპოსტებმა დააგროვა 74 000-მდე ნახვა.

,,ლაივსტრიმის“ ბოლო შემაჯამებელი ეთერი გაიმართება ოთხშაბათს, 6 სექტემბერს, 20:00 საათზე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში (სუხიშვილის №20). გადაცემაში მონაწილეობის ან დასწრების მსურველებმა მიწერეთ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ფეისბუქგვერდს (www.facebook.com/CityHallofGori/) შეტყობინებების ველში ან დაუკავშირდით ტელეფონზე: 5 99 220 600. საკონტაქტო პირი: საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი ელზა მიქელაძე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები