ახალი ამბები
კომბინატში სკოლა-ლიცეუმთან იპოდრომი ეწყობა
ქალაქ გორში, წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ტერიტორიაზე, იპოდრომი მოეწყობა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სასწავლებლის ხელმძღვანელი, მარინა ჩუხრუკიძე ესაუბრა.

მისი თქმით, სკოლის ეზოს გარკვეულ მონაკვეთზე, აბასთუმნიდან გორში ჩასული მეჯინიბე - ვეფხვია მესარქიშვილი საცხენოსნო ბილიკებს უკვე ამზადებს.

,,გვინდა, რომ იპოდრომის გახსნა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მოვასწროთ" - გვითხრა მან - ,,როდესაც გავერკვიე, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ცხენზე ჯდომას, თუნდაც, ხერხემლით დაავადებული ბავშვებისთვის და, ზოგადად, ჯანმრთელობისთვის, უყოყმანოდ დავთანხმდი მის მოწყობას."

ვეფხვია მესარქიშვილმა სამი ცხენი უკვე ჩაიყვანა გორში. ამბობს, რომ ერთ-ერთი ცხენის კვიცს ბარიერების გადასალახად მოამზადებს.

,,ჩვენი პროექტის შესახებ უკვე ვესაუბრეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის ორგანიზაციებს, ისინი, აქტიურად, გამოიყენებენ ამ შესაძლებლობებს. რა თქმა უნდა, ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის იქნება ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებისთვის. დრო გადანაწილდება ისე, რომ კომერციული დანიშნულებაც ექნება" - აცხადებს მარინა ჩუხრუკიძე.

სკოლა-ლიცეუმი მდინარე ლიახვის პირზე მდებარეობს. სასწავლებლის ეზოს დიდი ნაწილი მწვანე საფარს და ნარგავებს უკავია და მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის საუკეთესო გარემოა.  





Print

სტატიის გამოყენების პირობები