ახალი ამბები
გორის სკოლებში შეშით მომარაგება დაიწყეს
გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, დაახლოებით, 700 კბ.მ მოცულობის ხე-ტყის მასალას არიგებენ.

შიდა ქართლის სატყეო სააგენტოში დოკუმენტაცია დღეს 15-მდე სატვირთო ავტომანქანის მძღოლს შემოუწმეს.

სააგენტოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ დროისთვის რაიმე დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. თითო ავტომანქანის ძარაზე 7-8 კბ.მ მოცულობის შეშა აწყვია.

,,სკოლებისთვის შესაბამისი ტერიტორია სოფელ ფელის ტყის ტერიტორიაზე გამოიყო და ჩვენი წარმომადგენლების ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობს ტყე-კაფის სამუშაოები. დღეს, დაახლოებით, 15-მდე მანქანა შევამოწმეთ. მძღოლები ჩქარობენ, რომ ამინდის გაუარესებამდე მოასწრონ სამუშაოები" - გვითხრეს სატყეო სააგენტოში.

პირველ ეტაპზე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სკოლები მომარაგდება, სადაც ბუნებრივი აირით ვერ სარგებლობენ.



Print

სტატიის გამოყენების პირობები