ახალი ამბები
გორის ცენტრში ,,ყვავილებიანი აივნების" მოწყობის იდეა მუშავდება
ქალაქ გორის ცენტრალური უბნის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები, აივნებზე ყვავილების მოწყობის იდეის გარშემო, მუშაობენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერის წარმომადგენელმა ცენტრალურ უბანში ნიკოლოზ მიქაბერიძემ განუცხადა.

მისი თქმით, საბჭოს წევრებმა ეს იდეა უკვე გააჟღერეს, თუმცა, 2018 წლის სამოქალაქო ბიუჯეტი, ამ დროს, უკვე გაწერილი იყო.

სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში ,,ცენტრისთვის", სხვა უბნების მსგავსად, 150 000 ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხით,  2018 წლის განმავლობაში რამდენიმე პროექტი განხორციელდება.

კერძოდ, სტალინის #5;  #7 და #10 ნომრების კორპუსების ეზოში, ასევე, თამარ მეფის #2 და #5 კორპუსების ეზოში ბავშვებისთვის სათამაშო მოედნები მოეწყობა; ამავე უბანში დაიდგმება მინიატურული ძეგლები, ხოლო, უნივერსიტეტის ეზოს ახალი ყვავილებით მორთავენ.

,,გვაქვს, ასევე, საპილოტე პროგრამა. ქალაქის ცენტრში ერთ ან ორ მიწისქვეშა ნაგვის ურნას დავდგამთ" - აცხადებს ნიკა მიქაბერიძე.

ჯამში, 2018 წელს, გორის 6-ვე უბანს მერიამ (ცენტრი, წმინდაწყალი, კომბინატი, კვერნაკი, ვერხვები, სადგურის დასახლება) 900 000 ლარი მისცა. თითო უბნის წარმომადგენლობითმა საბჭომ 150 000 ლარის ფარგლებში პროექტები უკვე შეიმუშავა.

ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი ამბობს, რომ ,,სამოქალაქო ბიუჯეტირების" პროცესი მან ევროპის ქვეყნებიდან, კერძოდ, პოლონეთიდან გადაიღო და ორი წელია წარმატებით მუშაობს.

იხ. ამავე თემაზე:

წმინდაწყალზე უბნის არჩეულმა წარმომადგენლებმა ,,სამოქალაქო ბიუჯეტის" განხილვა დაასრულეს
Print

სტატიის გამოყენების პირობები