ახალი ამბები
გორის რაიონში მომუშავე აფთიაქის მეპატრონეს 11-წლით პატიმრობა მიუსაჯეს
გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მომუშავე აფთიაქარს სასამართლომ 11-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გარდა პატიმრობისა, აღნიშნულ პიროვნებას 10 წლით საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, ასევე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები ჩამოერთვა, ხოლო 5 წლით – „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი სხვა უფლებები.

ერთწლიანი განხილვის შემდეგ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ფარმაცევტი 0,288 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“ ინახავდა.

,,გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 0,288 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, რომელსაც უკანონოდ ინახავდა 2016 წლის 23 მარტს გ-ს რაიონის სოფელ თ-ის ავტომაგისტრალზე. ის გადაიყვანეს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ჩატარებული ღონისძიებების შედეგად საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა მისგან ამოიღეს უკანონოდ შეძენილი და შენახული განსაკუთრებით დიდი ოდენობით" - აღნიშნულია პროკურატურის საბრალდებო დასკვნაში.

აფთიაქარი 2016 წლის მარტში დააკავეს. მისი ადვოკატი სასჯელის შემსუბუქებას 8-წლამდე ითხოვდა, რადგან პიროვნებას ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და მძიმედ დაავადებული მამა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები