ახალი ამბები
რუისთან მომხდარ ავარიის ფაქტზე მძღოლი გამართლდა
მძღოლი, რომელიც რუისი-აგარას მონაკვეთზე მოძრაობისას, ,,ჰიუნდაის" მარკის ავტომობილით ორ მანქანას დაეჯახა, სასამართლოში გამართლდა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ 2017 წლის 24 აპრილს მიიღო. ავტოავარიის შედეგად, ორმა პიროვნებამ სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო, ხოლო ერთმა - ნაკლებად მძიმე.

პროკურატურის ცნობით, 2016 წლის 1 სექტემბერს მძღოლმა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნა, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, გადავიდა გზის საპირისპირო მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში და შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ ავტომანქანა „ბმვ-ს“, ხოლო შემდეგ შეეჯახა თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ ავტომანქანა „ოპელს“.

გამოძიებით დადგინდა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება გამართულ მდგომარეობაში იყო, თუმცა, გორის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა მძღოლის პოზიცია, რომლის მიხედვით, ავარიისას გონება ჰქონდა დაკარგული.

შიდა ქართლის პროკურატურის პროკურორმა გამამართლებელი განაჩენი ჯერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, შემდეგ - უზენაესში.

სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი განცხადების მიხედვით, პროკურორმა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მძღოლის დამნაშავედ ცნობა და, მაქსიმალური ვადით, მართვის უფლების ჩამორთმევა მოითხოვა.

,,აღნიშნული მოთხოვნა ემყარება იმ მოტივს, რომ მძღოლს გონების დაკარგვის შემთხვევა, ავარიამდე რამდენიმე წლით ადრე ჰქონდა, ჩაიტარა სამედიცინო გამოკვლევა და ინფორმირებული უნდა ყოფილიყო თავისი დაავადების შესახებ; გარდა ამისა, დაუდგენელია, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის წინ ნამდვილად დაკარგა თუ არა გონება. შესაბამისად, მან დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა." - აღნიშნავს პროკურორი ზურაბ წერეთელი.

სასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ მძღოლს ცერებროვასკულური დაავადება და ვერტებრო-ბაზილარული არტერიული სინდრომის ნიშნები ჰქონდა, რომელსაც შეეძლო თავის ტვინის გარდამავალი იშემიური შეტევების გამოწვევა.

სამედიცინო ისტორიის მიხედვით, მძღოლმა პირველად გონება 2011 წელს დაკარგა, მაგრამ იმავე წელს ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევებით მას დაუდგინდა მხოლოდ ცვლილებები სისხლძარღვებზე, რაც შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ ჯანმრთელ ადამიანს.

რაც შეეხება დიაგნოზსა და ჩატარებულ მკურნალობას, აღნიშნულის შესახებ, საქმის მასალების მიხედვით, არაფერია ცნობილი.

საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ექსპერტების ჩვენებებით, ბრალდებულს აღენიშნებოდა ნევროლოგიური პათოლოგია, რომელიც ხასიათდება ცნობიერების შეცვლით ან სრული კარგვით. მათი თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, თუ მას განუვითარდებოდა გონების კარგვით თანმხლები თავის ტვინის გარდამავალი იშემიური შეტევა, ვერ შეძლებდა გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღებასა და გაცნობიერებული მოქმედების შესრულებას, მათ შორის – ავტომანქანის მართვას.

მოსამართლემ პროკურორის განცხადება იმის თაობაზე, რომ ვერ დგინდება გონების დაკარგვა, შეაფასა, როგორც ვარაუდი.

,,საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, განაჩენი მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს, ხოლო ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს" - აღნიშნავს მოსამართლე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები