ახალი ამბები
კარბში ტირიფონ-სალთვისის არხის რეაბილიტაციის დასრულების ცერემონია გაიმართება

 

,,ცერემონიას ინფრასტრუქტურის მინისრტი, ამერიკის ელჩი, ამერიკის მთავრობის განვითარების სააგენტოს (იუსაიდის) მისიის ხელმძღვანელი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, სოფლის მეურნეობის მინისტრი, სამელიორაციო კომპანიის დირექტორი, გუბერნატორი და გამგებელი დაესწრებიან" - განაცხადეს პრესსამსახურში.

 

არხი საზეიმოდ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ 2013 წლის მაისში გაიხსნა. 2014 წლის 8 აგვისტოს კი სოფელ ფლავისმანის 30-მდე ოჯახში აღმოაჩინეს, რომ მათი საცხოვრებელი სახლები წყლით გაჯერებულ ნიადგზე იმყოფებოდა. მიწიდან ამოსულმა წყალმა სარდაფებში ქვევრებიც კი ამოყარა. არხი სასწრაფოდ დაკეტეს და დაიწყეს წყლის ამოტუმბვის სამუშაოები.

 

ტირიფონის რეაბილიტირებული მაგისტრალური არხი 2013 წლის მაისში გაიხსნა, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მაშინდელი მინისტრი დავით ნარმანია, სოფლის მეურნეობის მაშინდელი მინისტრის მოადგილე დავით შერვაშიძე, USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორის მოადგილე როი პლაკნეტი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თეიმურაზ მურღულია და საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორი ვაჟა კირტავა დაესწრნენ.


იმ დროს, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის მიწოდებული პრესრელიზით, ცნობილი გახდა, რომ კონფლიქტის ზონაში ტირიფონი-სალთვისის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ახორციელებდა.  პროექტის საერთო ღირებულება 13 მლნ 365 ათასი ლარს შეადგენდა. 



სამუშაოები 2012 წლის აგვისტოში დაიწყო, არხის სრული რეაბილიტაცია 2013 წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო და მას ქართული სამშენებლო კომპანია შპს "მშენებელი 80" ახორციელებდა.


ტირიფონის მაგისტრალური არხის გახსნის შედეგად, გორის მუნიციპალიტეტის 23 სოფლის 5000 ჰექტარი მიწა ირწყვება, აქედან 5 ოსური სოფლის - ზემო არცევის, გოიაანთკარის, ოტრევის, მაქსიაანთ უბნისა და წინაგარის დაახლოებით 700 ჰექტარი სასოფლო-სამურნეო ფართობი სარწყავი წყლით იყო უზრუნველყოფილი. ტირიფონის მაგისტრალურ არხში წყალი მდინარე პატარა ლიახვიდან ჩაედინება.



სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ ტირიფონის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციით განსაზღვრული იყო 8500 ჰექტრამდე 14 სოფლის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია. ეს სოფლებია: ერგნეთი, მეღვრეკისი, ბროწლეთი, ტირძნისი, თერგვისი, კარბი, ქერე, ტყვიავი, ფლავი, ფლავისმანი, ქვეში, ქიწნისი, მარანა, კარალეთი.



2008 წლამდე ტირიფონის საირიგაციო სისტემით გორის მუნიციპალიტეტის სოფლების დიდი ნაწილი სარგებლობდა, მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლებამ არხი გადაკეტა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები