ახალი ამბები
დენგას ვირუსის გამო ცხინვალში მოქალაქეებს თბილისისკენ წასვლას უკრძალავენ
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიისკენ არ გაემგზავრნონ.

ამის შესახებ განცხადება ცხინვალის მთავრობის წარმომადგენელმა, გუშინ, 11 სექტემბერს გაავრცელა.

პრეს-სამსახურის ცნობით, ბოლნისის რაიონში დენგას ვირუსი მძვინვარებს, რის გამოც, შესაძლოა, ეს დაავადება ცხინვალში რუსეთის პასპორტის მქონე მოქალაქეებმა უკან დაბრუნებისას გაავრცელონ.

დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ეს შეზღუდვა ვირუსის საბოლოო ლიკვიდაციამდე იმოქმედებს.

საქართველოში, კერძოდ, ბოლნისში, 2017 წლის ივლისში დენგეს ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი სოფელ ფაზისში მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცს გადაედო. მას დაავადების მსუბუქი ფორმა აღმოაჩნდა და ის გამოჯანმრთელდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მონაცემებით, მიმდინარე წელს, ვირუსის სხვა შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები