ახალი ამბები
კომბინატში ,,საქმიანი ეზო" აღარ მოეწყობა
კომბინატის დასახლებაში, ,,საქმიანი ეზოს" მოწყობის შესახებ, კოპანია ,,ინშაათ საქართველოს" მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს.

ამის შესახებ გადაწყვეტილება ქალაქ გორის საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ მიიღო.

საკრებულოს წევრების განცხადებით, კომპანიას სათანადო პროექტი წარდგენილი არ ჰქონდა და, შესაბამისად, ბუნდოვან გეგმას მხარს არ დაუჭერდნენ.

კომპანია ,,ინშაათ საქართველომ", კომბინატის დასახლებაში, ეკლესიასა და სკოლა გიმნაზიას შორის არსებული ფართი, 10-წლიანი იჯარით მოითხოვა. კომპანიის წარმომადგენელი აცხადებდა, რომ საბოლოოდ წავიდოდა რაიონიდან, თუკი საკრებულო უარყოფით გადაწყვეტილებას მიიღებდა:

,,პროექტი ჯერ ვერ მექნება, რადგან არ ვიცი ამის მოსაწყობად მიწის ფართს გადმომცემენ თუ არა" - გვითხრა დირექტორის წარმომადგენელმა საკრებულოს სხდომამდე.

,,თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი ვატო გელაშვილი აცხადებს, რომ ,,ინშაათ საქართველოს" უკან შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე დგას. მისი ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია ტენდერებს, სწორედ, გუბერნატორის დახმარებით იგებს.

კომპანია ,,ინშაათ საქართველოს" წარმომადგენელი აცხადებს, რომ გუბერნატორს საერთოდ არ იცნობს, არც თვითონ და არც მისი კომპანიის ხელმძღვანელობა. ,,ის ერთხელ ვნახეთ, თანაც ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტეზე მოსვლისა და დათვალიერების დროს" - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

რაც შეეხება ,,საქმიან ეზოს", ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი ამბობს: ,,მე, როგორც ჩემი პირველი მოადგილისგან, თამაზ შიოშვილისგან ვიცი, აქ უნდა მოეწყოს სამშენებლო მასალების ობიექტი, სადაც დასაქმდება რამდენიმე ადამიანი. ეს კომპანია შიდა ქართლში სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს, შესაბამისად, ალბათ, უნდათ რომ რაიონში ბაზა ჰქონდეს" - აცხადებს ზურაბ ჯირკველიშვილი.

კომპანია ,,ინშაათ საქართველოს" ოფისი ბაქოშია რეგისტრირებული.

ოფიციალური დოკუმენტაციით, „ინშაათ საქართველო Inshaat Georgia“ ითხოვს აღნაგობის უფლებით, 10 წლის ვადით, გადაეცეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ს/კ 66.45.27.010, ფართობით 4557,00 კვ.მ. რომელიც მდებარეობს ქალაქ გორში, ჭონქაძის ქუჩის მიმდებარედ.

წერილებში აღნიშნულია, რომ მიწის ნაკვეთზე აშენდება მულტიფუნქციური საწარმო/საქმიანი ეზო. განხორციელდება ინვესტიცია 600 000 (ექვსასიათასი) ლარის ოდენობით, ობიექტი აშენდება და დაიწყებს ფუნქციონირებას ხელშეკრულებაზე ხელისმოწერიდან სამი წლის ვადაში. ხოლო მისი ფუნქციონირების განმავლობაში დასაქმებულნი იქნებიან საქართველოს მოქალაქეები -15 პირი.

აუდიტორული კომპანიის შპს „კომპაუდის“ მიერ 2017 წლის 17 აგვისტოს „უძრავი ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულების შეფასების შესახებ“ №989–ქ დასკვნით, მიწის ნაკვეთის ს/კ 66.45.27.010 საწყისი საპრივატიზებო ღირებულება განისაზღვრა 121 000 (ასოცდაერთი ათასი) ლარით.

ქალაქ გორის მერიას არ აქვს დაგეგმილი ზემოთ აღნიშნული უძრავი ქონების რაიმე დამატებითი დანიშნულებით გამოყენება და მისი სარგებლობის უფლებით გაცემა ბიუჯეტს შეავსებს გარკვეული ოდენობის თანხით. მიუხედავად ამისა, მერიისგან განსხვავებით, საკრებულომ წინადადება არ მოიწონა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები