ახალი ამბები
,,წყალი რატომ მიაქვთ ჯერ შენს სახლთან?" - საყვედური სოფლის ,,გამგებელს"

 

,,ვერ გავიგე, შენ გამგებელი ხარ თუ რა ხარ სოფელში?" - ჰკითხა გოჩიტაშვილმა მუზაშვილს. ეკა მუზაშვილს სოფელში ყველა ,,გამგებლად" იხსენიებს. ის სპეციალისტად ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდიდან მუშაობდა.

 

,,მინდა განცხადება გავაკეთო გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით. სახლში მე მყავს მოხუცი დედა. გეკითხებით, არ ეკუთვნის მოხუცს წყალი?" - აცხადებს სოფლის წარმომადგენელი. მუზაშვილის განმარტებით, კასპის კეთილმოწყობის სამსახურის მანქანის გაჩერების შემთხვევაში მის სახლთან სხვა უბნის მცხოვრებლებიც მიდიან და წყლით სარგებლობენ.

 

,,ერთი რამე იცოდეთ რა... ჩვენი ყველაფერი ჩანს. წარმომადგენლები ხართ მუნიციპალიტეტის. იქ (იგულისხმა სიუჟეტი) ნახსენები იყო სხვა მოხუცებიც, რომლებსაც წყალი არ ხვდებათ. გაითვალისწინეთ თქვენი მდგომარეობა" - განუცხადა გოჩიტაშვილმა მუზაშვილს.

 

სოფელში წყალი ისე რიგდება, ადგილზე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს, არც ერთხელ (ორი ვიზიტის განმავლობაში)სოფლის ,,გამგებელი" ეკა მუზაშვილი და სოფლის ,,დეპუტატი" ნუკრი მიდელაშვილი არ უნახავს. 5 ტონა წყალს მოსახლეობა საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში ინაწილებს: ,,ვინც რამდენს მოასწრებს, ისე მიაქვს" - გვეუბნებოდნენ ადგილობრივები. სოფლის გამგებელს საკუთარ სახლში კი მინიმუმ 250 ლიტრი წყალი გარანტირებული აქვს მაშინ როდესაც სხვა მცხოვრებნი წყლის გარეშე რჩებიან.

 

კასპის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები კი მხრებს იჩეჩავენ: ,,ზევით უბანს წყალი რომ არ ხვდება, მე რა გავაკეთო?" - გვითხრა სპეცცისტერნით დატვირთული მანქანის მძღოლმა. ,,ერთხელ არ გააჩერეს ,,გამგებლის" სახლთან მანქანა და ლამის სცემეს" - გვითხრა მის გვერდით მდგომმა.

 

სოფელში დაძაბული მდგომარეობაა. ეს იმითაც ჩანს, რომ ჟურნალისტების ხშირი სტუმრობა არინა თავაქარაშვილს ბრალდება. გორელი უფლებადამცველი, დედის გარდაცვალების შემდეგ, თითქმის ყოველდღიურად ცხოვრობს ჩობალაურში.

 

,,სიუჟეტი სოფელში უმრავლესობამ ნახა. მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი კი დადის მოსახლეობაში და აფრთხილებს ხალხს, რომ ნუ აძლევენ ინტერვიუებს. მე კი შეურაცხყოფას მაყენებს" - აცხადებს არინა თავაქარაშვილი.

 

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი სოფელში ზონდერ ჯგუფების შესახებ წერდა. მაგალითად, ერთ-ერთი საპროტესტო შეკრების დროს სოფლის გამგებელი ადგილობრივებს პოლიციის თანამშრომლებით დაემუქრა.

 

რაც შეეხება სასმელ წყალს, სავარაუდოდ, სასმელი წყლის დარიგების უფლება, კასპის კეთილმოწყობის სამსახურის ნაცვლად, წყალმომარაგების კომპანიას მიეცემა. ასევე იგეგმება წყლის განაწილება სულადობის მიხედვით ადგილზე მიტანით (როგორც ეს გურჯაანში მოხდა). არსებული მდგომარეობით კი სოფლის მოსახლეობა ცენტრში იკრიბება და ქაოსურად ინაწილებენ ისედაც მცირე რაოდენობით მიტანილ წყალს. წყალი კვირაში ორჯერ რიგდება.

 

პ.ს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი მოუწოდებს კასპის გამგებელს შეისწავლოს მისი წარმომადგენლის ქმედება სოფელში, ხოლო სამართალდამცავებმა უზრუნველყონ უფლებადამცველების უსაფრთხოება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები