ახალი ამბები
,,ვგევარ მე დურგალსა?" - პატრულმა კვირიკაშვილმა მძღოლი დასაჯარიმებლად ბანკის რიგში მოძებნა
ერთ-ერთი ორგანიზაციის მენეჯერს იმ დღით არ გაუმართლდა. ,,თი ბი სი" ბანკთან მანქანის დასადგომი ადგილი ვერ ნახა. ჭავჭავაძე-სტალინისა და ამილახვრის ქუჩებს წრე სამჯერ დაარტყა.

იფიქრა, საქმეს დროულად მოვამთავრებო და ,,პატარა ტოიოტა" გაჩერების ამკრძალავ ნიშანთან გააჩერა, თუმცა, უკან დროულად ვერ დაბრუნდა. ბანკში იმაზე მეტი ხალხი დახვდა, ვიდრე გარეთ მანქანები. საბანკო გადარიცხვები დროულად უნდა ეწარმოებინა.

საკუთარი რიგიც დადგა. უცბად, მოესმა, რომ ბანკის გარეთ პატრულის თანამშრომელი რაციით მისი მანქანის ნომერს ყვიროდა: ,,ტოიოტა, ტოიოტა, გადააყენე მანქანა!". როგორც წესი, ამ დროს, პატრულის ეკიპაჟი გზას აგრძელებს და თუკი უკან დაბრუნებისას მანქანა იმავე ადგილას დახვდა, მაშინ უკვე მათ გაბრაზებას საზღვარი არა აქვს.

,,ვიფიქრე, გააგრძელებს გზას და ვიდრე კვლავ ამ ადგილზე გამოივლის, მანამდე დავამთავრებ საქმეს" - ამბობს ქალბატონი, რომელსაც ბოლოს ბანკის საქმე ლამის პატიმრობად დაუჯდა.

პატრული არ ჩერდებოდა. სტალინის გამზირზე და ამილახვრის ქუჩის კუთხესთან იდგა და აგრძელდება გამოძახებას: ,,ტოიოტა, გამოდი, გადააყენე მანქანა!". (სინამდვილეში მანქანის სერიის ნომერს ყვიროდა, რომელიც ქალბატონის სახელისგან შედგება)

ამ დროს ქალბატონის ტელეფონზე ზარი შევიდა, რომელიც 7-იანებით იწყებოდა. მიხვდა, რომ პატრულის ნომრიდან ურეკავდნენ, რადგან წლების წინ შს სამინისტროს სტრუქტურაში თავადაც მუშაობდა. მშვიდად უპასუხა:

,,გისმენთ"

,,ქალბატონო, ლ.... გამობრძანდით, მანქანა გადააყენეთ"

,,უკაცრავად, რა მანქანა? სხვაგან მოხვდით" - მიუგო და გაუთიშა ტელეფონი. ამ დროს, კვლავ გაისმა რაციით: ,,ტოიოტა, გამობრძანდით, გადააყენეთ მანქანა!". ამის შემდეგ რამდენიმე წუთით გარეთ უკვე სიჩუმემ დაისადგურა.

ბანკში უამრავი ხალხი ირევა, ვინ რიგს ელოდება, ვინ აპარატზე ,,მოლარე ოპერატორთან" რიგის დასაკავებლად ქვითარს იღებს. კონსულტანტები კლიენტებს ღიმილით ესალმებიან: რით შემიძლია დაგეხმაროთ? ბანკომატიდან ,,თანხის განაღდების" ხმა ისმის.

,,უკაცრავად, ქალბატონო" - მოესმა ხმა ქალბატონს.

,,რა გნებავთ?" - ჰკითხა გაოცებულმა

,,ტელეფონზე რომ გირეკავთ, რატომ არ მპასუხობთ?" - უთხრა პატრულის თანამშრომელმა.

,,და თქვენ ჩემი ტელეფონის ნომერი საიდან იცით? ვინ ბრძანდებით?" - ჰკითხა ქალბატონმა.

,,ეხლა მე ვგავარ დურგალსა? წამობრძანდით, ჯარიმა უნდა დაგიწეროთ" - უთხრა პატრულმა.

,,არსად წამოვალ, ჯერ საქმე მაქვს და გამოვალ" - მიუგო მოქალაქემ, რასაც მოჰყვა ,,წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით" დაპატიმრების მუქარა.

,,წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაგაკავებთ" - დაემუქრა პატრული. რასაც უკვე ხმამაღალი კამათი მოჰყვა. ქალბატონი დაპატიმრებას გადარჩა, თუმცა, ჯარიმას ვერა, ხოლო 100 ქულიანი სისტემიდან 15 ქულა ჩამოაკლდა.

მას შემდეგ, პატრულის თანამშრომელი კოტე კვირიკაშვილი ქალბატონს უთვლის, რომ ეს ამბავი არსად გაახმაუროს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები