ახალი ამბები
ქარელის რაიონის სოფელ თამარაშენში წყარო დაშრა
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ თამარაშენში წყარო, რომლითაც რეზერვუარი სასმელი წყლით ივსებოდა, დაშრა.

ამის შესახებ ადგილობრივმა მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის გამგეობას წერილობით 13 სექტემბერს აცნობა. 

გამგებლის წარმომადგენლის, გია კილასონიას განცხადებით,  წყლის დაშრობა გვალვებმა გამოიწვია. ეს ერთადერთი რეზერვუარია, რომლითაც სოფლის მოსახლეობა სარგებლობდა.

ქარელის გამგეობის ინსპექტირების ჯგუფმა ვითარება ადგილზე შეისწავლა და იგივე დაადგინა. მოსახლეობასთან კონსულტაციის შემდეგ, მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ რეზერვუარი სოფლის მოშორებით არსებულ სხვა წყაროებით შეავსონ.

,,აღმოჩნდა, რომ წყალი დიდი გვალვების გამო სრულიად დაშრა და ამჟამად არ არის წყალი სისტემაში; მოსახლეობა წყლის გარეშე დარჩა. ადგილზე საკითხის შესწავლით დადგინდა, რომ სოფლიდან მოშორებით არსებული წყლის დებეტით შესაძლებელია მოხდეს არსებულ სისტემაზე წყლის დაერთება და სისტემის აღნიშნული ნაწილის აღდგენა" - სწერს ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი გია მსხალაძე გამგებელს, ზაზა გულიაშვილს.

გამგებელმა სარეზერვო ფონდიდან 5 ათასი ლარი გამოყო და მისი მოთხოვნით სამუშაოები ერთ კვირაში, 23 სექტემბერს უნდა დაასრულონ.

2014 წლის აღწერის მიხედვით, სოფელში 401 ადამიანი ცხოვრობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები