ახალი ამბები
შეცვლილი პროფესია - პედაგოგის მერხმა საკერავი მანქანის მაგიდა ჩაანაცვლა
გორში, ჭალის დასახლებაში მცხოვრები შორენა სუხიშვილი ბავშვობიდან კერავს. თოჯინებს მისთვის, მხოლოდ, იმიტომ ყიდულობდნენ, რომ კაბები გადაეკეთებინა ან ახალი შეეკერა.

სპეციალობით ფილოლოგია, ასწავლიდა საჯარო სკოლაში და მოსწავლეებს სახლშიც ამეცადინებდა. დღეს იმ ოთახში, სადაც წლების განმავლობაში, სასკოლო მასალებს ამზადებდა და ბავშვებს ამეცადინებდა, სამკერვალო ოთახი გახსნა.

საბჭოთა წარმოების საკერავი მანქანა, ახლა, ამ ოთახში მხოლოდ დეკორაციას წარმოადგენს. ახალი ტექნიკა კი, კოლეჯ ,,განთიადის" დახმარებით და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, შეიძინა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში სამკერვალო კურსები გაიარა. კურსის დამთავრების შემდეგ, ახალ პროფესიას უკვე იყენებს.

,,თავიდან მეგონა, რომ სახლში სამკერვალო ოთახის გახსნისას მომხმარებლის მოძებნა გამიჭირდებოდა, მაგრამ უკვე ვიღებ შეკვეთებს, როგორც ინდივიდუალურ, ასევე კოლექტიურს. ვკერავ, როგორც საბავშვო კაბებს, სასკოლო ფორმებს, ასევე, სადღესასწაულო და საქორწილო კაბებს" - ამბობს შორენა სუხიშვილი.

მომავლისთვის ახალი პროექტის განხორციელებას აპირებს. დამხმარეებთან ერთად, სახელოსნოს გახსნის და, უკვე, საკუთარი პროდუქციის გაყიდვას დაიწყებს.

ევროკავშირის დაფინანსებით პროექტი LIFE Georgia 2016 წელს წარმატებით დასრულდა, სადაც 93 ბენეფიციარი გადამზადდა, აქედან 32 ბენეფიციარი დასაქმებულია სხვადასხვა პროფესიით.

სასწავლო კურსის დამთავრების შემდეგ, საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საკუთარი პროფესიული საქმიანობის წამოწყებაში დახმარების მიზნით, შეარჩიეს და დააფინანსეს 6 კურსდამთავრებული, თითოეული 4500 ლარით.

პროფესიულ კოლეჯ ,,განთიადის" წარმომადგენლები და შორენა სუხიშვილი პარტნიორ ორგანიზაციებს, ევროკავშირის დელეგაციის ატაშეს და პროექტის მენეჯერს ნატალი ჰოულუს; ორგანიზაცია ,,მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ" ხელმძღვანელს, ,,ACF - ასოციაცია ,,სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსათვის" - RDFG და ,,განათლება დემოკრატიისთვის“ - EFD-ს წარმომადგენლებს გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდიან.

Print

სტატიის გამოყენების პირობები