ახალი ამბები
სოფელ ფერმაში ასფალტის გზის სივიწროვის გამო მანქანები არხში ცვივა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში ასფალტის გზის სივიწროვის გამო, მანქანები არხში ვარდება.

ამის შესახებ ადგილობრივი მცხოვრები აბზარ ნურალოღლიმ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ესაუბრა.

მისი თქმით, ანალოგიურ მდგომარეობაში რამდენიმე ოჯახია. პრობლემას ისიც ემატება, რომ სანიაღვრე არხები მიწითაა ამოვსებული, ხოლო ფეკალური მასები ადგილზე გროვდება.

,,ეს გზა შარშან დააგეს. ნახეთ, რა ვიწროა. ორი მანქანა ვერ ეტევა. მერე წყლისა და გაზის მილები გაიყვანეს, პლასტმასის მილები ჩააწყეს. დატოვეს არხები ესე, მიშლილ-მოშლილი. ეს დაგროვილი წყალი კი, ძირს უთხრის გზას და ინგრევა. არხში მანქანები ცვივა. დიდი მანქანა რომ ჩავარდეს, დაანგრევს ამ სახლს" - ამბობს აბზარ ნურალოღლი.

გარდა იმისა, რომ გზა ინგრევა, ფეკალური მასები საცხოვრებელი სახლების საძირკველსაც შლის. აბზარ ნურალოღლი ამბობს, რომ ფერმის ცენტრალურ გზაზე ქვისა და ასფალტის ქარხნის მანქანები მოძრაობს.

,,ეხლა ველოდები მე ამათ, წინასაარჩევნოდ ხომ ჩამოვლენ? ეს ჩემი მდგომარეობა უნდა ვაჩვენო" - აცხადებს იგი.




Print

სტატიის გამოყენების პირობები