ახალი ამბები
მობილური ტელეფონების მაღაზიის ქურდობაში ბრალდებულს 7-წლით პატიმრობა მიუსაჯეს
გორში, მობილური მაღაზიის ქურდობაში ბრალდებულს 7-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს უზენაესი სასამართლო ავრცელებს.

განაჩენის მიხედვით, ბრალდებულს, 24 620  ლარის ღირებულების მოძრავი ტექნიკის, სხვადასხვა ფირმის მობილური ტელეფონების, „აიპადების“, ციფრული ფოტოაპარატის, ვიდეოკამერების, მობილური ტელეფონის მეხსიერების ბარათების, ნოუთბუქისა და 310 ლარის ოდენობით თანხის ქურდობის გამო, დაედო მსჯავრი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მაღაზია ჭავჭავაძის უჩაზე 2014 წლის 6 მარტს გაქურდეს.

მეორე ინსტანციის სასამართლოს სხდომის დამთავრების შემდეგ, ადვოკატისთვის ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ძვირადღირებული ტელეფონი, რომელიც დაკარგული ქონების ნუსხაშია, რეალურად, არ მოუპარავს ბრალდებულს. 

მისი განმარტებით, ქურდობის დღეს, აღნიშნული ტელეფონი მაღაზიიდან უკვე გაყიდული იყო განვადებით, რის გამოც, არარსებული ნივთის ქურდობის ფაქტზე გამოტანილი განაჩენი უნდა გაუქმებულიყო.

უზენაესმა სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ადვოკატის შუამდგომლობა, ჩათვლა, რომ ის გავლენას არ ახდენს წარდგენილ კვალიფიკაციაზე.

,,საჩივარში მითითებული გარემოება, მართალია, წარმოადგენს ახალ ფაქტს, რომელიც განაჩენის გამოტანის შემდეგ გახდა ცნობილი, მაგრამ ადვოკატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილი სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არ ამტკიცებს არც უდანაშაულობას და არც მის მიერ უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო (წარმოდგენილი დოკუმენტის გაზიარების შემთხვევაშიც კი, ის ვერ მოახდენს გავლენას ვერც ქმედების კვალიფიკაციაზე და ვერც სასჯელზე). " - აღნიშნეს მოსამართლეებმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები