ახალი ამბები
გამგეობამ 7 სტუდენტი პოლონეთის ქალაქ გრიფინოს მერიაში სტაჟირების გასავლელად გაგზავნა
გორელი სტუდენტები პოლონეთის ქალაქ გრიფინოს მერიაში და სხვადასხვა დეპარტამენტებში სტაჟირებას გაივლიან.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, სტაჟირების კურსი 10 დღე გაგრძელდება, გრიფინოს მერიისა და გამგეობის სხვადასხვას დეპარტამენტებში სტუდენტები მათი პროფესიებისა და ინტერესების შესაბამისად გადანაწილდებიან.

სტაჟირების პროგრამა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და გრიფინოს მუნიციპალიტეტის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე შემუშავდა, რომელიც თავისი შინაარსით ფინანსურ, იურიდიულ, სოციალურ, გარემოს დაცვის, ტურიზმის და განათლების სფეროებში სამუშაო გამოცდილების გაზიარებასა და პრაქტიკულ სამუშაოებში ჩართულობას მოიცავს.

გრიფინოს მუნიციპალიტეტთან გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საერთაშორისო თანამშრომლობის მემორანდუმი გასულ წელს გააფორმა. აღნიშნულ სტაჟირებასთან დაკავშირებით კი მუნიციპალიტეტები ორი თვის წინ შეთანხმდნენ.

სტაჟირების პროგრამას, სტუდენტების დაბინავებისა და კვების ხარჯებს სრულად პოლონური მხარე ფარავს. ისინი გასაუბრების შედეგად შეარჩიეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები