ახალი ამბები
მერეთში ,,ქართული ოცნების" მიერ გამართული შეხვედრის კადრები გავრცელდა
ტელეკომპანია ,,ობიექტივი" ავრცელებს კადრებს, სადაც სოფელ მერეთში ,,ქართული ოცნების" მოქმედი და ყოფილი წევრების დაპირისპირებაა ასახული.

შეხვედრა 10 სექტემბერს გაიმართა, სადაც გორის მერისა და ადგილობრივი მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინეს.

დაპირისპირებაში საკრებულოს წევრები, მაჟორიტარი პარლამენტარი და სოფლის გამგებელი ჩაერთვნენ.

მარინა კობალაძე ამბობს, რომ მას ზონდერები დაუპირისპირეს:

,,მარტივი კითხვა დავსვი: რა კრიტერიუმით შეარჩიეს მალხაზ ბაიაძე სოფლის დეპტატის კანდიდატად? მანამდე, პარლამენტარის, თემურ ხუბულურის დაცვის წევრი, მოჭიდავე წინ გადამიდგდა და თვალები დამიბრიალა. უნდოდა, ალბათ, ჩემი შეშინება, მაგრამ მკაცრად მივუთითე, რომ გამდგარიყო გვერდით. გარშემო შემომესივნენ სხვებიც, რომლებიც არიან საკრებულოს თანამშრომლები: კახა ბლიაძე; ასევე, საკრებულოს დეპუტატი, ოღონდ, სხვა სოფლიდან ზურაბ ყაჯრიშვილი. ჯერ რა ესაქმებოდა ჩვენ სოფელში და მერე, მით უმეტეს, მე სიტყვის თქმის უფლებას მიკრძალავდა. აღარაფერს ვამბობ პარლამენტარზე, რომელმაც ძალიან უხეში სიტყვებით მიმართა იქ მყოფ ,,ობიექტივის" ჟურნალისტებს" - აცხადებს მარინა კობალაძე.

მისი თქმით, პროცესში აქტიურად ჩაერთო სოფლის გამგებელი და ზონის კოორდინატორი შამილ თუხარელი, რომელიც აქეზებდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ მე დამპირისპირებოდნენ: ,,მიდით, მიდით, ეგ ლაპარაკს არ მორჩებაო".

მარინა კობალაძე იხსენებს, რომ ფაქტობრივად მერეთის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის უფლება არავის მისცეს:

,,მოვიდნენ, წარადგინეს კანდიდატები და თქვეს, ახლა წავედით სხვა სოფელშიო? თუ იქ ჩვენ გულისტკივილს არ ვიტყოდით, აბა, რა შეხვედრა იყო ეს?" - ამბობს იგი.

შეხვედრის მონაწილე ,,ქართული ოცნებიდან" მიშა გოგინაშვილი ამბობს, რომ მარინა კობალაძე ჩასაშლელად მივიდა:

,,კითხვა დასვა და მერე ისე, რომ არავის დააცადა პასუხი, თავად სცემდა თავისივე კითხვას პასუხს ნახევარი საათი. ისტერიულად გაუჩერებლივ. სიტყვა აღარავის ათქმევინა. წამით, ერთი წამით არ გაჩერებულა, რომ ან პასუხი მოესმინა ან სხვისი აზრი." - ამბობს გოგინაშვილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები