ახალი ამბები
გორში პოლონეთის რესპუბლიკის პირველი მეთაურის სახელობის სკვერი კეთდება
ქალაქ გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, იოზეფ პილსუდსკის სახელობის სკვერი კეთდება.

სამუშაოებს შპს „ალონისის“ თანამშრომლები დეკემბერში დაასრულებენ. პროექტისთვის საჭირო თანხა 95 984 ლარი პოლონეთის მთავრობამ გაიღო.

მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, დამონტაჟდება განათება, მოეწყობა მწვანე საფარი, განთავსდება სკამები, სავალი ნაწილი მოპირკეთდება ბეტონის დეკორატიული ფილებით.

„სკვერის მოსაწყობად გრანტის მოძიებაში პოლონეთის ქალაქ კარტუზის მუნიციპალიტეტი დაგვეხმარა 2016 წელს გააფორმებული მემორანდუმის ფარგლებში. მიმდნარე სამუშაოები პოლონეთის მხარემ დააფინანსა. “ - აცხადებენ მუნიციპალიტეტში.

პოლონეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე იოზეფ პილსუდსკი 1918-1922 წლებში პოლონეთის რესპუბლიკის პირველი მეთაური იყო. 1921 წელს პოლონეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა ცნო. ქვეყანაში წითელი არმიის შემოსვლისა და ბოლშევიკური ანექსიის დროს საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. მაშინ პოლონეთის მთავრობამ ქართველ ემიგრანტებს შესთავაზა პოლონეთში დამკვიდრებულიყვნენ.

ვარშავის ქართულ ემიგრაციას პილსუდსკი სიცოცხლის ბოლომდე ფინანსურად ეხმარებოდა. ქართველი იუნკრებისთვის პოლონეთი მეორე სამშობლოდ იქცა. ისინი პოლონელებთან ერთად წითელი არმიის წინააღმდეგ იბრძოდნენ. პოლონურ არმიაში გორელი ჯარისკაცებიც მსახურობდნენ, რომლებიც მოგვიანებით საბჭოთა რეჟიმმა კატინთან დახვრიტა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები