ახალი ამბები
გორის ციხეზე ევროპული სამეცნიერო პიკნიკი მოეწყობა
2017 წლის 30 სექტემბერს, გორის ციხეზე, ევროპული სამეცნიერო პიკნიკი მოეწყობა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საქართველოს განათლების სამინისტროდან აცნობეს.

ადმინისტრაციის ცნობით, ღონისძიება „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017“-ის ფარგლებში გაიმართება. ფესტივალი დედაქალაქში 24 სექტემბრიდან დაიწყება და ქვეყნის მასშტაბით 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

დაგეგმილია რამდენიმე საერთაშორისო მასშტაბის ცენტრალური და აგრეთვე 250-ზე მეტი პარალელური ღონისძიება, მათ შორის, გორში.

ფესტივალს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და ყოველწლიური ხასიათი მიიღო.

მისი მიზანია: სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობა; ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა; ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის; ახალგაზრდა მკვლევართა მოტივაციის ზრდა; სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დაახლოება.

30 სექტემბერს გორის ციხეზე გამოფენა მოეწყობა და კარვები გაიშლება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები