ახალი ამბები
დედა ,,შენების მოძრაობაში" - შვილი ,,ქართულ ოცნებაში"
დღეს, გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში ,,ქართულმა ოცნებამ" პროპორციული და მაჟორიტარული კანდიდატების სია წარადგინა. მონაცემებს ოლქის თანამშრომლები ბაზაში ორი დღის შემდეგ ატვირთავენ.

მანამდე, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის ცნობილი ხდება, რომ ,,ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი, 41-წევრიანი პროპორციული სიის მე-16 ნომრად ნიკა მიქაბერიძეა დასახელებული. იგი ირმა პაპიძის შვილია, რომელიც დღეს ,,შენების მოძრაობას" შეუერთდა და განაცხადა, რომ ,,ქართული ოცნების" სახით ,,ნაციონალური მოძრაობა" დატოვა. 

ნიკა მიქაბერიძე, პარალელურად, ქალაქ გორის მერის წარმომადგენელია ცენტრალურ უბანში. ირმა პაპიძე აცხადებს, რომ ,,შენების მოძრაობაში" გაწევრიანების შესახებ, შვილს წინადღეს უთხრა.

რას აპირებს კონკრეტულად ნიკა მიქაბერიძე, ირმა პაპიძისთვის უცნობია, თუმცა, აღნიშნავს, რომ შვილის ნებისმიერ პოზიციას პატივს სცემს.

ქალაქ გორის მერის წარმომადგენელი ცენტრის დასახლებაში, ნიკა მიქაბერიძე პარტია ,,ქართულ ოცნების" რიგებს არ ტოვებს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მიქაბერიძემ განუცხადა.

მისი თქმით, საკუთარი დედის, ირმა პაპიძის პოზიციის მიუხედავად, თანამდებობაზე რჩება და არჩევნებში ,,ქართული ოცნების" სიით მიიღებს მონაწილეობას.

"ნამდვილად ვარ ქართული ოცნების პროპორციულ სიაში.. ამ ეტაპზე არაფერს არ ვაპირებ.. დედაჩემის სხვა პარტიიდან მაჟორიტარად წარდგენა ჩემს აზრს არ ცვლის, მას თავისი აზრი და შეხედულებები აქვს, მე ჩემი. მე ვრჩები იქ სადაც ვარ და ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებ მუშაობას." - აცხადებს მიქაბერიძე.

რაც შეეხება დედამისს, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების წარმომადგენელს ირმა პაპიძეს, ის გუშინ დავით უსუფაშვილის ,,შენების მოძრაობას" პროტესტის ნიშნად შეუერთდა:

,,მე დავტოვე ქართული ოცნება, რომელიც ამჟამად წარმოადგენს ,,ნაციონალური მოძრაობას" - განაცხადა ირმა პაპიძემ. მისი განცხადებით, მასთან ერთად, 50-მდე აქტივისტი დატოვებს ,,ოცნებას"

,,ქართული ოცნების" შტაბის წარმომადგენელი მიხეილ გოგინაშვილი ამბობს, რომ პარტიიდან 50 აქტივისტის წასვლის შესახებ, წერილობითი განაცხადა არავის გაუკეთებია, უფრო მეტიც, პარტიაში ხალხის რაოდენობა იზრდება.

ტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.


Print

სტატიის გამოყენების პირობები