ახალი ამბები
,,სკოლების განვითარებას რეპეტიტორები აფერხებენ" - მეტი თანამშრომლობა განათლების სისტემაში
სკოლების განვითარებას რეპეტიტორები აფერხებენ - ეს განცხადება განათლების მკვლევარმა სიკო ჯანაშიამ, გორში, გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს პრობლემა ყველასთვის ცნობილია, თუმცა მის გადასაჭრელად არ მუშაობენ, თუნდაც, სკოლის შიგნით. ხელისშემშლელ ფაქტორს, ყველაზე მეტად, ის გარემოება წარმოადგენს, რომ უმაღლესი სასწავლებელი დაშორებულია სკოლასთან.

,,უმაღლეს სასწავლებლებს მჭიდრო ურთიერთობა უნდა ჰქონდეს და ერთად გადაწყვიტონ ესა თუ ის პრობლემა" - აღნიშნა ჯანაშიამ.

სწორედ, ასეთ ურთიერთკავშირის დამყარების მცდელობას შეეხებოდა პროექტი, რომელიც სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა, გორის უნივერსიტეტისა და გორის საჯარო სკოლების წარმომადგენლებთან ერთად, განახორციელა.

სიკო ჯანაშიას თქმით, სასწავლებლებს შორის თანამშრომლობა განვითარებას უწყობს ხელს, ვიდრე - კონკურენცია.

,,მაგალითად, ამბობენ, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში კარგია არსებობდეს სასწავლებლებს შორის კონკურენცია, რაც ჩემი აზრით, არასწორია. მაგალითად, გორისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტები ერთმანეთს რომ შეეჯიბრნონ, დიდი ალბათობით, ერთ-ერთი მათგანი დამარცხდება. რაში გამოიხატება ეს? არ ჩაატარებენ ერთობლივ კონფერენციებს, არ მოხდება გაცვლა პროფესორ-მასწავლებლების და ა.შ. ამიტომ, თანამშრომლობაა საუკეთესო გზა განვითარებისთვის" - განაცხადა სიკო ჯანაშიამ შეხვედრაზე.

მან მაგალითისთვის, კვლავ, რეპეტიტორების თემა მოიყვანა. მისი განმარტებით, რეპეტიტორი ყოველთვის კონკურენტი იქნება სკოლის მასწავლებლის, ხოლო, თუ სკოლა ძლიერი იქნება, რეპეტიტორის ფუნქცია თავისთავად დასუსტდება.

,,სწორედ, ამ თანამშრომლობის შედეგად მიიღწევა შედეგი" - აღნიშნა სიკო ჯანაშიამ. მან განათლების სისტემაში კონკურენციის პრინციპი გამორიცხა, რადგან განათლების სისტემას ეს უფრო მეტად აზარალებს, ვიდრე რაიმე შედეგს მოიტანს.

სტუდენტებმა და მოსწავლეებმა სამოქმედო კვლევა გორის 6 საჯარო სკოლაში ერთობლივად ჩაატარეს. კვლვისას, მართალია, ისეთ საკითხებს წააწყდნენ, როგორიცაა სასმელი წყალი, ინფრასტრუქტურა და ა.შ., თუმცა, უმაღლესი და საჯარო სასწავლებლების ახალგაზრდული ჯგუფების თანამშრომლობას დაედო საფუძველი. კერძოდ, სტუდენტები მოსწავლეებს დაეხმარნენ პრობლემების იდენტიფიცირებაში, პრიორიტეტების მიხედვით მათ დალაგებაში და, შემდეგ, გადაწყვეტის გზების ძიებაში.

სიკო ჯანაშია ამბობს, რომ სტუდენტმა სტუდენტობიდანვე უნდა მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია. კერძოდ, ის არ უნდა დაელოდოს სასწავლებლის დამთავრებას, არამედ სწავლის პარალელურად მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

რაც შეეხება პროექტს, რომელიც გორის უნივერსიტეტისა და საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ერთობლივად განახორციელეს, მისი შედეგები კონფერენციაზე წარადგინეს.

,,დღეს საგანმანათლებლო სისტემა უამრავი გამოწვევის წინაშე დგას. სკოლა შეძლებს ეფექტური ცვლილებების განხორციელებას მხოლოდ მაშინ, თუ გაძლიერდება სკოლებსა და საზოგადოებას, უნივერსიტეტებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და ახალგაზრდულ ჯგუფებს შორის თანამშრომლობა. ამ თანამშრომლობაში მნიშვნელოვანია ახალგაზრდების როლი. სწორედ სამოქმედო კვლევის დახმარებით დაუკავშირდა სკოლა უნივერსიტეტს, სტუდენტი - სკოლას და ერთობლივად დაიგეგმა და მოგვარდა სკოლაში არსებული პრობლემა.' - აცხადებს თამარ მოსიაშვილი, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI), World Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს “სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის” (SYNCS), რომლის მიზანია, საქართველოში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად.

Print

სტატიის გამოყენების პირობები