ახალი ამბები
ზაზა გულიაშვილი: ,,გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლების განვითარება და ხელშეწყობა ჩვენთვის პრიორიტეტულია"
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქარელის მერობის კანდიდატი, ზაზა გულიაშვილი, გამყოფ ზოლთან მდებარე სოფლების - კნოლევისა და ცერონისის მოსახლეობას შეხვდა.

მერობის კანდიდატმა, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ბაქარ მაჭარაშვილთან ერთად, ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა და ქარელის მუნიციპალიტეტის განვითარების ოთხწლიანი გეგმა გააცნო.

„გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები - სოფლების გაზიფიცირება, გზის 12 კმ-იანი მონაკვეთის ასფალტირება, სარიტუალო დარბაზებისა და ამბულატორიების მშენებლობა-მოწყობა, გარე განათებისა და სასმელი წყლის სისტემების მოწყობა, ადმინისტრაციული შენობისა და ახალი მინი სტადიონის მშენებლობა, ნათელი მაგალითია სახელმწიფოს ზრუნვისა იმ ადამიანებზე, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ 2008 წლის ომის შედეგად“ - განაცხადა ზაზა გულიაშვილმა შეხვედრაზე.

მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან დაგეგმილ და მიმინარე პროექტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, სოფელ ცერონისში სასმელი წყლის ჭაბურღილი კეთდება, რაც უახლოეს მომავალში დასრულდება. “ რაც შეეხება კნოლევის სასმელი წყლის სათავე ნაგებობის კეთილმოწყობას, ჩვენი შეთანხმებისამებრ, მომდევნო კვირაში ადგილზე იქნებიან სპეციალისტები და თქვენთან ერთად მიიღებენ საჭირო ზომებს მის აღსადგენად”, - განუცხადა მოსახლეობას ზაზა გულიაშვილმა.

შეხვედრაზე მოსახლეობამ ასევე წამოჭრა ცერონისისა და კნოლევის დასუფთავების საკითხი. მერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ 2018 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია აღნიშნული სოფლების ჩართვა დასუფთავების მომსახურებაში, რაც გულისხმობს ურნების ეტაპობრივად განთავსებას.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები