ახალი ამბები
კონსტანტინე თავზარაშვილი გორელ ბიზნესმენებს შეხვდა
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორის მერობის კანდიდატი კონსტანტინე თავზარაშვილი გორელ ბიზნესმენებს შეხვდა.

შეხვედრას ყოფილმა მოკრივემ და ამჟამად ბიზნესმენმა გიორგი კანდელაკმა უხელმძღვანელა. შეხვედრაში ორგანიზაცია „გორელის“ წევრებმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ მიიღეს მონაწილეობა.

„თქვენ ხართ ერთ-ერთი ძირითადი ბირთვი, რომელზეც ჩვენი ქალაქი დგას. ჩვენ შორის ყოველთვის იქნება კომუნიკაცია და თანამშრომლობა, რაც დაგვეხმარება, ჩვენს საერთო მიზანს მივაღწიოთ - განვავითაროთ და ავაყვავოთ გორი. მზად ვარ შრომისა და თავდადებისთვის“, - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

კახა სამხარაძის განცხადებით კი, მთავრობის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება წარმოადგენს, რასაც გორში თავად შეუწყობს ხელს.

„მე იმ ოჯახის წევრი ვარ, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია და კარგად ვიცი, როგორ ზრუნავს ეს ოჯახი თქვენზე. მთელი გუნდი გვერდში ვუდგავართ კონსტანტინე თავზარაშვილს და ვიცით, რომ მისი მთავარი მიზანი გორისა და მისი მოსახლეობის განვითარებაა“, -განაცხადა კახა სამხარაძემ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები