ახალი ამბები
გელა კაპანაძე დავით ონიაშვილს სასამართლოში უჩივის
გორის მუნიციპალიტეტის გამგებელს დავით ონიაშვილს ყოფილი პირველი მოადგილე სასამართლოში უჩივის.

ამის შესახებ გელა კაპანაძემ დღეს ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დავით ონიაშვილმა უსაფუძვლოდ გაათავისუფლა და ამის მტკიცებულებად ჟურნალისტებს დღევანდელი ბრძანება წარუდგინა.

ბრძანების მიხედვით, გელა კაპანაძე დასაბუთების გარეშეა გათავისუფლებული. გამგებელი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ მას, კანონის მიხედვით, პირველი მოადგილის დანიშვნა-გათავისუფლება, გუნდური პრინციპის მიხედვით, შეუძლია. ასევე, კაპანაძე აქტიურად მონაწილეობდა წინასაარჩევნო პროცესებში ,,ქართული ოცნების" სასარგებლოდ.

აღნიშნულ მოსაზრებას ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" გორის ოფისის წარმომადგენლები არ იზიარებენ და აღნიშნავენ, რომ გათავისუფლების ბრძანებაში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული მიზეზი:

,,იმისათვის, რომ გამოირიცხოს აღნიშნულ გადაწყვეტილებაში პოლიტიკური დისკრიმინაციის ნიშნები, გათავისუფლების ბრძანებაში აუცილებლად მითითებული უნდა ყოფილიყო მიზეზი, რომელიც ასევე, თავის მხრივ, უნდა იყოს დასაბუთებული" - აღნიშნავს საიას გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთევან ბებიაშვილი.

გელა კაპანაძემ იურისტთა ასოციაციას მიმართა, თუმცა, საიამ იმ მოტივით, რომ ინტერესტთა კონფლიქტი არსებობს, გელა კაპანაძის ინტერესების დაცვაზე უარი განაცხადა. გელა კაპანაძეს საია ცესკოში უჩივის, პირველი მოადგილედ მუშაობის პერიოდში პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობის გამო.



გელა კაპანაძე ამბობს, რომ გამგებლის დავით ონიაშვილის გაღიზიანება გამოიწვია სამივლინებო და სხვა ფინანსური რესერსების ხარჯების დაინტერესებამ:

,,მე  მოვითხოვე გამგებლის სამივლინებო ხარჯები, ასევე, სხვა ფინანსური სარგებლების შესახებ დოკუმენტაცია, რამაც ონიაშვილის გაღიზიანება გამოიწვია და შედეგიც სახეზეა. ამ მასალებს უახლოეს ხანებში გავაცნობთ საზოგადოებას" - აცხადებს კაპანაძე.

კითხვაზე, თუ რატომ დაინტერესდა ამჟამად ამ დოკუმენტაციით, ყოფილი პირველი მოადგილე ამბობს, რომ ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ნიშნები ამჟამადაც გრძელდება.

რაც შეეხება გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერებას, პარტია ,,ქართული ოცნების" იურისტი მარლენ ნადირაძე ამბობს, რომ დავით ონიაშვილის გადაწყვეტილება სასამართლოში გასაჩივრდება:

,,ეს არის ინდივიდუალურ სამართლებრივი, ადმინისტრაციული აქტი, რომლის შედგენის პირობას ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს. კოდექსის მიხედვით, ადმინისტრაციულ აქტში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული გათავისუფლების მიზეზი. გათავისუფლების მიზეზი ბრძანებაში არ წერია, რასაც ძალიან მალე სავარაუდოდ სასამართლო გააუქმებს" - აღნიშნავს ნადირაძე.

გელა კაპანაძე ,,ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერია, ხოლო, დავით ონიაშვილი მოწინააღმდეგე პარტიის ,,შენების მოძრაობის" კანდიდატი გორის მერის პოსტზე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები