ახალი ამბები
გორის ,,კეთილმოწყობის სამსახურს" საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის გამო საოლქო კომისიაში უჩივლეს
გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,Analitical center for interethnic cooperation and consultations"-ის წარმომადგენლის საჩივარი იხილება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა აცნობეს.

სადამკვირვებლო მისიის “ეთნოსთაშორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის” აღმასრულებელმა დირექტორის გიორგი მარჯანიშვილმა საჩივარი 28 სექტემბერს შეიტანა, შემდეგ კი, 30 სექტემბერს დააზუსტა.

მისი განცხადებით, ,,კეთილმოწყობის სამსახურმა" უზრუნნველყო მოქმედი გამგებლის და, ამავე დროს, მერის კანდიდატის დავით ონიაშვილის ბანერის განათება სახელმწიფო რესურსების ხარჯზე.

არასამთავრობო ორგანიზაცია, ამ სამსახურის უფროსის გიორგი ხიდაშელის დაჯარიმებას ითხოვს. საოლქო კომისიაში მხარეებისგან დამატებით მასალებს ელოდებიან.




გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით ონიაშვილის წარდგენაზე გამგეობის თანამშრომლები და ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ.

ამის ამსახველი კადრები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გადაიღო.

გამგებლის მოადგილის, ალექსი ვეშაპურის განცხადებით, შეხვედრაზე შესვენების დროს იმყოფებოდნენ, რადგანაც მხარს დავით ონიაშვილს უჭერენ.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ: ,,საბავშვო ბაღების გაერთიანების" დირექტორი; კულტურის სამსახურის უფროსი, იურიდიული სამსახურის უფროსი, გამგებლის წარმომადგენლები, ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტი და ა.შ.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საჯარო მოხელეებს წინასაარჩევნო შეხვედრებზე მონაწილეობის მიღების უფლება არასამუშაო საათებში აქვთ. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, მართალია, ამ მხრივ, კანონი არ ირღვევა, თუმცა, ტენდენცია, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თაობაზე, სახეზეა.

დავით ონიაშვილი გორის მერის კანდიდატია ,,შენების მოძრაობიდან". ის ტელეკომპანია ,,თრიალეთის" წინ პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა წარადგინა. გორის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად კი, ამავე ტელეკომპანიის მფლობელი ბადრი ნანეტაშვილი დასახელდა.





ტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები