ახალი ამბები
გროზნოდან ალექსანდრე ზაალიშვილი ოქროს მედლით დაბრუნდა
️გროზნოდან გორელი სპორტსმენი ალექსანდრე ზაალიშვილი ოქროს მედლით მეორედ დაბრუნდა.

100 კგ წონით კატეგორიაში რუსეთის მოქმედი და, თანაც, ხუთგზის ჩემპიონი დაამარცხა. პირველად, ამ ტურნირში გამარჯვება 2015 წელს მოიპოვა.

რაც შეეხება ზურაბ კახნიაშვილსა და პაატა ღვინიაშვილს, გროზნოდან ისინი ვერცხლის მედლებით დაბრუნდნენ.

მათი მწვრთნელის, ანზორ თენაძის თქმით, ჰუსეინ ისაევის ტურნირი, რომელიც რუსეთის ფედერაციის ჩეჩნეთის რესპუბლიკაში იმართება, საკმაოდ, პოპულარულია ჭიდაობის სამყაროში:

,,აქ თითქმის რუსეთის ნაკრების მთელი შემადგენლობა ასპარეზობს, ასევე, უკრაინის, ყაზახეთის და სხვა ქვეყნების სპორტსმენები ჩამოდიან" - აცხადებს ანზორ თენაძე.

სპორტული სკოლების გაერთიანების პიარ მენეჯერი ვასილ ბალახაძე ყურადღებას კიდევ ერთ ტურნირზე ამახვილებს. ნაკრებმა ყაზახეთში გუნდურ შეჯიბრებაზეც მიიღო მონაწილეობა.

გამართულ გუნდურ პირველობაზე 10 ქვეყნის გუნდი გამოდიოდა, საქართველოს სახელით გორელი ძიუდოისტები გამოდიოდნენ და ბრინჯაოს მედლებსაც დაეუფლნენ. გუნდი შემდეგი სპორტსმენებით იყო დაკომპლექტებული – ვანო თოთლაძე, ტატო ტატულაშვილი, ანზორ ბიბილაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ონისე ბუღაძე. მწვრთნელი: ნიკო ბიბილაშვილი

3 ოქტომბერს გორის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლების გაერთიანებაში ჩატარდა პრესკონფერენცია, რომელშიც გროზნოსა და აქტობეში გამართულ შეჯიბრებებში წარმატებით მოასპარეზე გორელმა ძიუდოისტებმა და მწვრთნელებმა მედიასთან და გულშემატკივრებთან ერთად შეაფასეს ორივე ტურნირზე გამოსვლა და ნაჩვენები შედეგი.

მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლების გაერთიანების დირექტორმა გიორგი პურიჭამიაშვილმა მიულოცა წარმატება სპორტსმენებს და მწვრთნელებს და სამომავლოდაც შეპირდა მხარდაჭერას სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მისაღებად.

Print

სტატიის გამოყენების პირობები