ახალი ამბები
ქვახვრელის აქციაზე დაკავებულებს ფულადი ჯარიმა დააკისრეს
გორის რაიონულმა სასამართლომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში მცხოვრებ ზურაბ აბუაშვილს და დავით ადუაშვილს ფულადი ჯარიმა, პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო, დააკისრა.

ამის შესახებ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მოსამართლემ, გუშინ, საღამოს გამოაცხადა.

ზურაბ აბუაშვილს 300 ლარი, ხოლო დავით ადუაშვილს 250 ლარი დააკისრეს. პოლიციის თანამშრომლები ამტკიცებდნენ, რომ აბუაშვილმა პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა. 

ორივე მათგანი მაშინ დააკავეს, როდესაც სოფლის მოსახლეობამ უფლისციხისკენ მიმავალი გზა, მდინარე მტკვარზე არსებული ხიდი გადაკეტა. დავით ადუაშვილი სოფლის მაჟორიტარი კანდიდატია ,,ქართული ოცნებიდან" და ამბობს, რომ ის ხალხის გვერდით დადგა. 

ქვახვრელის მოსახლეობა მუნიციპალიტეტის გამგებელთან, დავით ონიაშვილთან შეხვედრას დილიდან ითხოვდა. ისინი იმ ადგილზე შეიკრიბნენ, სადაც ჯერ კიდევ, 2017 წლის 3 მარტს გამგებელმა მორიგი დაპირება მისცა. დაპირების მიხედვით, დაუსრულებელი ,,მილიონიანი პროექტი" აპრილში უნდა დამთავრებულიყო.

აღნიშნული სამუშაოებით სოფლის შიდა გზები გადაითხარა, მილები ჩაყარეს, შემკრები ჭები გაამზადეს, თუმცა 2016 წლის დეკემბერში ვერ დაასრულეს. გამგებელმა დავით ონიაშვილმა მშენებელ კომპანიას ვადა სამჯერ გაუგრძელა - 2017 წლის აპრილამდე, თუმცა, იანვარ-თებერვალის მსგავსად, კომპანიის ხელმძღვანელობა არც მარტში გამოჩნდა. გამგებელმა ბოლო ტრანში 100 000 ლარი კომპანიას 4 აპრილს მაინც გადაურიცხა. ჯამში, 800 000 ლარი გადაირიცხა. გზები გადათხრილი, ხოლო ჭები თავღია დარჩა.

დავით ონიაშვილი, რომელიც ერთი კვირის წინ, ,,ქართულ ოცნებას" გაემიჯნა და ,,შენების მოძრაობაში" გადავიდა, ქვახვრელის პროექტზე პასუხისმგებლობას იხსნის. ის ჯერ კიდევ 2014 წელს ადგილობრივებს, გამგებლის კანდიდატის რანგში, ჰპირდებოდა, რომ თუკი ხმას მისცემდნენ, სამ ჭაბურღილს გააკეთებდა. თუმცა, ერთიც არ დასრულდა.



ფოტოზე: ადგილობრივმა მკვიდრმა ლ. აფხაზაშვილმა თანასოფლელი გაგუდვას გადაარჩინა
Print

სტატიის გამოყენების პირობები