ახალი ამბები
შიდა ქართლში ,,ბატონოს" ხორცის საწარმო და ვაშლის ,,ქართულ ბაღი" დაათვალიერეს (VIDEO)
დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ხორცისა და თევზის გადამამუშავებელი საწარმო ,,ბატონო" დაათვალიერა, ხოლო შემდეგ ვაშლის ,,ქართულ ბაღში" გაემგზავრა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, მინისტრს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი მამუკა კვარაცხელია და შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე ახლდნენ.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხორცისა და თევზის გადამამუშავებელი საწარმო - შპს „ბატონო“ „ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში შეიქმნა.

საწარმოში წლიურად 300 ტონა ხორცის გადამუშავების შედეგად სხვადასხვა სახის კონსერვებისა და სუპების დამზადებაა დაგეგმილი, სულ 230 ადამიანია დასაქმებული.

კომპანიაში ჯამურად 459,833 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 183,933 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 229,917 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

2013 წლიდან უკვე დაფინანსდა 750-ზე მეტი მოქმედი და 162 ახალი საწარმო. შიდა-ქართლის რეგიონში შეიქმნა 19 ახალი და გაფართოვდა 81 საწარმო.



,,ქართული ბაღი"

შიდა-ქართლის რეგიონში, შპს „ქართულმა ბაღმა“ „დანერგე მომავალის“ პროექტის ფარგლებში ახალი ხეხილის ბაღი 2015 წელს გააშენა. 10 ჰექტარზე ვაშლის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 98,730 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო.

სოფელ ძევერაში მოსავლის კრეფის პროცესს მინისტრი და გუბერნატორი დაესწრნენ. 

მიღებული დაფინანსებიდან 80,080 ლარი ნერგებზე, ხოლო 18,650 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი. კომპანიამ კუთვნილ ფართობზე 4 სხვადასხვა ჯიშის ბარი გააშენა და წელს პირველი მოსავლის სახით 15 ტონა ვაშლს ელოდება. ბაღში მუდმივად და სეზონურად 15 ადამიანია დასაქმებული.

„დანერგე მომავლის“ პროექტის ფარგლებში შიდა-ქართლის რეგიონში სულ 1,189 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა მრავალწლიანი კულტურის სხვადასხვა ხეხილის ბაღები, ხოლო გაცემულმა დაფინანსებამ შეადგინა 7,806,243 ლარი.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - სწრაფი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.



Print

სტატიის გამოყენების პირობები