ახალი ამბები
გორისციხის კლდოვანი ფერდობების გაწმენდის მიზნით მერიაში პროექტს ამზადებენ
მერიამ გორისციხის კლდოვანი ფერდობების ჩამოწმენდისა და გამაგრების სამუშაოების შესახებ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება გადაწყვიტა.

ამისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 12 700 ლარი გამოიყო. 10 ოქტომბრის მდგომარეობით დოკუმენტაციის მომზადებაზე სურვილი არცერთი საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გამოთქვეს. 

პროექტის მომზადება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გორის მერიაში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფმა შემდეგი ღონისძიებების გატარება მოითხოვეს:

გასულ წელს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთა კოლექტიური განცხადების საფუძველზე, რომლებიც გამოთქვამდნენ შეშფოთებას ფერდობიდან ქვის ლოდების შესაძლო ცვენით გამოწვეული საფრთხის გამო, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიამ მოიწვია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფი, რომლებმაც შეისწავლეს გორის ციხის სამხრეთის კალთა და საჭიროდ მიიჩნიეს შემდეგი ღონისძიებების გატარება:

- ალპინისტებისა და გეოლოგებისაგან შემდგარმა ჯგუფმა უნდა შეისწავლოს მთელი ფერდობის მდგომარეობა ცალკეული სახიფათო ლოდების გამოვლენით და ნაპრალების დაფიქსირებით.

- დიდი სიფრთხილით მოიხსნას მდგომარეობა დაკარგული მცირე ზომის ცალკეული ქვები.

- დამუშავდეს გამოვლენილი დიდი ზომის ლოდების სტაბილურობის უზრუნველყოფის ღონისძიებები ( ანკერება, ცემენტაცია, საყრდენის გამაგრება და ა.შ)

ამასთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გამოთქვამს მზადყოფნას ძეგლზე სამუშაოების წარმოებისას აღმოუჩინოს მეთოდოლოგიური დახმარება.

ზემოთ აღნიშნული საკითხი დამატებით  სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმაც შეისწავლეს და მათ  შემდეგი შინაარსის დასკვნა წარადგინეს:

,,ვიზუალური დათვალიერებით, გორის ციხის ფერდობიდან ქვის ლოდების დაგორებით მოსალოდნელი საფრთხის პრევენციისათვის, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, დროდადრო ფერდობი გასუფთავდეს ეროზირებული და გამოფიტული ლოდებისგან,
ხოლო გარემოს ზემოქმედების გავლენის შესასუსტებლად ფერდობის ზედაპირზე გაშიშვლებული ძირითადი ქანები დაიფაროს მაღალი მარკიანობის და სიმტკიცის მქონე ტორკრეტირებული ბეტონის ფენით" - წერია ექსპერტიზის ბიუროს წერილში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები