ახალი ამბები
ჯირკველიშვილმა ევროკომისიას 1 მლნ ევრო მოსთხოვა
გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა ევროკომისიას 1 მლნ ევრო, მზის ენერგიაზე მომუშავე განათების მონტაჟის მიზნით, მოსთხოვა. ამის თაობაზე ევროკომისიიდან მიღებული წერილით ირკვევა, რომელიც საკრებულოს ბოლო სხდომაზე გახდა ცნობილი.

ევროკომისიამ ზურაბ ჯირკველიშვილის თხოვნა რეგისტრაციაში 22 აგვისტოს გაატარა, განაცხადი დასაშვებად სცნო და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება 10 ოქტომბრამდე მოითხოვა.

ჯირკველიშვილი 1 მლნ ევროს ქალაქ გორში 700 ცალი განათების ბოძის დამონტაჟების მიზნით, ითხოვს. მისი აზრით, ჯამში ამ სამუშაოებს 1 მლნ 250 000 ევრო ჭირდება. რაც შეეხება დანარჩენ 250 000 ევროს, დამატებითი თანხის გამოყოფას მერი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფიქრობს.

რაც შეეხება საკრებულოს პოზიციას, ზურაბ ჯირკველიშვილმა მის წევრებს სთხოვა, რომ ამ გრანტის მოსაპოვებლად განხორციელებული აქტივობები მოიწონოს, თუმცა, საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ ეს განკარგულება არ მოიწონა. ჯირკველიშვილს აუხსნეს, რომ თანხის მიღებაზე ნებართვა მთავრობისგან ჭირდება და, ასევე, საკრებულოსგანაც. 

,,მას შემდეგ, რაც საგრანტო კონკურსის შედეგები გახდება ცნობილი, ამის შემდეგ მივმართავთ საკრებულოს თანხმობის მისაღებად" - გვითხრა მარტა ბიბილაშვილმა, რომელიც გორის მერიის სტრატეგიული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელია.

რას გულისხობს ზურაბ ჯირკველიშვილის აქტივობა?

საქმე იმაშია, რომ ევროკომისიამ გამოაცხადა „აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონალური პროგრამა მდგრადი მუნიციპალური განვითარებისათვის, აღმოსავლეთ სამეზობლოს საფლაგმანო ინიციატივის მხარდასაჭერად“.. ამ პროგრამის ფარგლებში მერიის სტრატეგიული განვითარების სააგენტომ ევროკომისიას მზის ენერგიაზე მომუშავე გარე განათების სისტემის მოწყობის პროექტი წარუდგინა.

2017 წლის 22 აგვისტოს კომისიიდან მერიას აცნობეს, რომ განაცხადი მიღებულია, ხოლო, დამატებითი ინფორმაციისთვის შესაბამისი აპლიკაციის შევსება მოსთხოვა. მერიას შესაბამისი აპლიკაცია 2017 წლის 10 ოქტომბრამდე უნდა აეტვირთა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები