ახალი ამბები
გორის თეატრში მწერალ ვანო ჩხიკვაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა
მწერალ ვანო ჩხიკვაძის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართა გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ნაწყვეტები მისი შემოქმედებიდან, შესრულდა მის ლექსებზე შექმნილი სიმღერები.

თეატრის ფოიეში კი მოეწყო მწერლის წიგნების გამოფენა–გაყიდვა. აღსანიშნავია, რომ 2006 წელს ვანო ჩხიკვაძის ,,ზამთრის წიგნს“ მიენიჭა წლის საუკეთესო პროზაული კრებულის ლიტერატურული პრემია ,,საბა“, ხოლო ნოველამ ,,ახადელების რძალი“, გაიმარჯვა კონკურსში ,,წერო“.

ასევე, არჩეულია გორის საპატიო მოქალაქედ. იგი არის ორმოცამდე პოეტური და პროზაული წიგნის, საბავშვო ნაწარმოებთა კრებულის, მრავალი პუბლიცისტური და ლიტერატურული წერილის ავტორი.

საღამოს შიდა ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე, იოსებ ოქრომელიძე, ქალაქ გორის მერი, ზურაბ ჯირკველიშვილი, გორისა და ატენის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, მოწვეული მწერლები და ჩხიკვაძის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები