ახალი ამბები
დევნილ ქალებს პირველ რიგში სასმელი წყლის პრობლემა აწუხებთ
დევნილ ქალებს პირველ რიგში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება სურთ. ამის შესახებ დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს, სადაც ქალი ამომრჩევლების საჭიროებების შესახებ მომზადებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებაზე მოხსენება ორგანიზაცია ,,ქართლოსის” წარმომადგენელმა ანა ჯებისაშვილმა გააკეთა, რომელიც სკრის დევნილთა დასახლებაში ქალების საჭირობებს ადგილზე პირადად ეცნობოდა.

,,კვლევის მიხედვით დევნილ ქალებს სურთ სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება, ასევე შიდა გზებისა და ტროტუარების მოწყობა, გარეგანათებისთვის გადამწვარი ნათურების გამოცვლა და ახალგაზრდებისთვის ბიბლიოთეკის არსებობა ადგილზე. აღნიშნული კვლევის შედეგებს არჩევნებში მონაწილე მერობის კანდიდატებიც გაეცნენ." - განაცხადა მან.

კვლევა სექტემბერში ჩატარდა და საქართველოს 10 რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა სულ 1106 ქალი გამოკითხეს.

ანგარიში მომზადდა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები