ახალი ამბები
გორის მერის კანდიდატის თქმით სამშენებლო კოპანიებმა ტენდერში ქონება გარანტიის სახით უნდა ჩადონ
სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებმა, ტენდერის გამარჯვების შემთხვევაში და სამუშაოების ვერშესრულების გამო, პასუხი საკუთარი ქონებით უნდა აგონ. ამის შესახებ გორის მერის კანდიდატმა იოსებ სოსიაშვილმა ტელეკომპანია ,,დიას" ეთერში შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

ის კენჭს ,,დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკახავა - დემოკრატიული მოძრაობისათვის" სახელით იყრის.

იოსებ სოსიაშვილის თქმით, დაუმთავრებელი და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, საკმარისი არაა ამა თუ იმ კომპანიის შავ სიაში შეყვანა. ამის მაგალითად, მას სოფელ ქვახვრელში ჩავარდნილი პროგრამა მოჰყავს. ,,კომპანიამ თავიდანვე უნდა აიღოს ვალდებულება, რომ თუკი სამუშაოებს ვერ შეასრულებს, პასუხი ქონების კონფისკაციით აგოს. ამის თაობაზე დამკვეთვმა წინასწარვე უნდა იზრუნოს" - განმარტავს იგი.

სოსიაშვილი ფიქრობს, რომ აუცილებელია გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობისთვის სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციაში ხელშეწყობა:

,,გორის მუნიციპალიტეტში უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი, გასაკეთებელია ინფრასტრუქტურა ადაპტირებული შშმ პირებისთვის, ჩასატარებელია სანიტარული სამუშაოები, მოსაწესრიგებელია უპატრონო ძაღლების პრობლემა, გასაწმენდია მდინარე ლიახვისა და მეჯუდის კალაპოტები, მოსაგვარებელია სარწყავი წყლის და ბუნებრივი აირის პრობლემა სოფლებში. პროდუქციის რეალიზაციის მიზნით ასაშენებელია გადამამუშავებელი საწარმოები, საკონსერვო ქარხნები და რაც მთავარია დასარეგულირებელია მეზობელ ქვეყნებთან და განსაკუთრებით რუსეთთან საბაზრო საკითხები. ამასთანავე უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი, რომელიც გადაწყდება მუშაობის პროცესში." - აღნიშნავს გორის მერის კანდიდატი იოსებ სოსიაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები