ახალი ამბები
ორთაშენში საბავშვო ბაღი გაიხსნა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენში სკოლამდელი დაწესებულება გაიხსნა. ადგილობრივების თქმით, საბავშვო ბაღი სოფელს აქამდე არ ჰქონია. ბაღის დირექტორის გაცხადებით, ორ ჯგუფზე გათვლილი სკოლამდელი დაწესებულება 70-მდე აღსაზრდელის სკოლამდელი განათლებით უზრუნველყოფას შეძლებს.

გამგეობის პრეს-სამსახურის ცნობით, შენობის მოძიება და რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა, რის შემდეგაც გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტომ სკოლამდელი დაწესებულება თანამედროვე ინვენტარით აღჭურვა.

ორთაშენის სკოლამდელი დაწესებულების გახსნას გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი და საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი ნუგზარ ინჯია ესწრებოდნენ. მათ პატარებს საბავშვო ბაღის გახსნა მიულოცეს და საჩუქრებიც გადასცეს.

პრეს-სამსახურის განცხადებით, გორი მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით სულ 30 სკოლამდელ დაწესებულებას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, აშენდა 3 ახალი საბავშვო ბაღი. დღესდღეობით, გორის მუნიციპალიტეტში 40 სკოლამდელი დაწესებულება ფუნქციონირებს.

რეაბილიტირებულ ბაღებს შორის, დღემდე არ ფუნქციონირებს ქვემო ხვითისა და ფხვენისის საბავშვო ბაღები.



Print

სტატიის გამოყენების პირობები