ახალი ამბები
საარჩევნო უბნებზე რეგისტრატორების მაგიდასთან მყოფი პირები ამომრჩეველთა მონაცემებს აგროვებენ
საარჩევნო უბნებზე რეგისტრატორების გვერდით, უკან ან ნაკადის მომწესრიგებელთან საარჩევნო სუბიექტის „ქართული ოცნების“, „მემარცხენე ალიანსის” ან სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ახალი სიტყვის” წარმომადგენლები დგანან და ინიშნავენ უბანზე მოსული ამომრჩევლის მონაცემებს.

ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) სპეციალური განცხადება გაავრცელა. დამკვირვებლების ცნობით, ზემოაღნიშნული პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლები იმ ამომრჩევლების მონაცემებს აგროვებენ, რომლებიც ხმას აძლევენ. საიას ცნობით, ადგილი აქვს ამომრჩევლის ნების საწინააღმდეგო ქმედებას.

ფაქტთან დაკავშირებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ დამკვირვებლებს და ასევე სუბიექტების წარმომადგენლებს, რომლებიც სარგებლობენ დამკვირვებლის უფლებებით, შეუძლიათ კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანში შეუზღუდავად გადაადგილდნენ და დააკვირდნენ კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან. ანიშნულ პოზიციას საიას საარჩევნო პროცედურების დარღვევის წახალისებად მიაჩნია.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ამომრჩეველთა სია საჯაროა და მასში არსებული პერსონალური მონაცემების დამუშავება უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზნებს. დამკვირვებელს აქვს უფლება დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას. თუმცა ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს მონაცემების შეგროვება და შემდგომი დამუშავება ამომრჩეველზე ზეწოლის ან სხვა არაკანონიერი მიზნებისთვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავება განახორციელონ კანონის დაცვით.

ინსპექტორის აპარატი მზად არის, კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს რეაგირება ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების არაკანონიერი მიზნებით დამუშავების ფაქტებზე და შეისწავლოს დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირების მიერ მოწოდებული მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები