ახალი ამბები
საია: არაშენდას უბანზე ხმების რაოდენობა 106-ით მეტია ხელმოწერებზე
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდას საარჩევნო 42-ე უბანზე, შესაძლოა, ხმები ხელახლა გადაითვალოს. ამის მიზეზი ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" საჩივარი ხდება, რომლის მიხედვით, დამკვირვებელმა მონაცემებზე სერიოზული დარღვევები აღმოაჩინა.

კერძოდ, დამკვირვებელ ნონა ასკილაშვილის განცხადებით, შემაჯამებელ ოქმში დაფიქსირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 106-ით მეტია ხელმომწერთა რაოდენობაზე. 

,,მერის შემაჯამებელ ოქმში საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, გაბათილებულ ბიულეტენებთან ერთად, 106-ით მეტია ხელმოწერების რაოდენობაზე. ხოლო, პროპორციულ შემაჯამებელ ოქმის მიხედვით, ხმების რაოდენობა 10-ით მეტია ხელმოწერებზე, ცდომილებაა ასევე მაჟორიტარულ ოქმში. აქ ხმების რაოდენობა 11-ით მეტია ხელმოწერების რაოდენობაზე" - აღნიშნავს ნონა ასკილაშვილი.

მისი თქმით, ეჭვის ქვეშ დგება სამივე შემაჯამებელი ოქმის ნამდვილობა და საჭიროა უბნის შედეგები ხელახლა გადაითვალოს.

არაშენდას უბანი ვარიანის თემში შედის. უბანზე, სადაც 477 ამომრჩეველია, არჩევნებში მონაწილეობა 288 მოქალაქემ მიიღო. მერის არჩევნების ოქმის მიხედვით, ყუთში 394 ბიულეტენი აღმოჩნდა. რაც შეეხება პროპორციულ შედეგს, აქ, ასევე, ოქმის მიხედვით, ყუთში 298 ბიულეტენი აღმოჩნდა. ხოლო მაჟორიტარული ოქმის მიხედვით, - 299 ბიულეტენი.

ფაქტთან დაკავშირებით, საუბნო კომისიის წევრებმა ახსნა-განმარტებები დაწერეს და გაირკვა, რომ მათ ციფრებში შეცდომა მოუვიდათ

















Print

სტატიის გამოყენების პირობები