ახალი ამბები
ზემო ნიქოზის საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმში ციფრები გადასწორებულია
გორის 32-ე საოლქო კომისია ზემო ნიქოზის საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმის სისწორესა და მისი შემდგენელი პირების პასუხისმგებლობის საკითხს სწავლობს. ამის თაობაზე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საოლქო კომისიიდან აცნობეს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის დამკვირვებლების ცნობით, მერის არჩევნების შემაჯამებელ ოქმში, რომელიც ზემო ნიქოზის საარჩევნო უბანზე შედგა, ორ ადგილას გადასწორებულია ციფრები.

პირველი ეხება მმათველი გუნდის კანდიდატის მიერ მოგროვებული ხმების ოდენობას, სადაც ციფრი ,,268" გადასწორებულია და თვალნათლივ არ ჩანს, ასევე, გადასწორებულია ოქმის შედგენის თარიღიც:

,,მიგვაჩნია, რომ უნდა დადგეს უბნის კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის პასუხისმგებლობის საკითხი" - აღნიშნავს დამკვირვებელი ნონა ასკილაშვილი.

შეგახსენებთ, 2017 წლის 21 ოქტომბერს, საქართველოს მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, სადაც მოსახლეობამ მერი და საკრებულოს წევრები მაჟორიტარული და პროპორციული სისტემით აირჩია.

ფოტოზე: მერის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი (ხაზგასმა ჩვენია)
Print

სტატიის გამოყენების პირობები