ახალი ამბები
კომბინატის ახალ კორპუსებში ცხოვრების მსურველთა გადამოწმება გრძელდება
საქართველოს დევნილთა სამინისტროს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები 1216 ოჯახის გადამოწმებას აგრძელებენ, რომლებსაც გორში, კომბინატის დასახლებაში, ათსართულიან კორპუსებში ცხოვრების შესახებ, განცხადებები დაწერეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს დევნილთა სამინისტროდან აცნობეს. სამინისტროს წარმომადგენლის ცნობით, შემოწმების პროცესი არ დასრულდება და შედეგები საზოგადოებისთვის მყისიერად იქნება ცნობილი.

,,მონიტორინგის სამსახური როდესაც დაასრულებს მუშაობას, ამის შემდეგ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია გამოიტანს საბოლოო გადაწყვეტილებას. სიახლეების შესახებ ინფორმაცია აუცილებლად გავრცელდება წინასწარ." - აცხადებს პრეს-სამსახური.

საცხოვრებელი ფართების განაწილება კრიტერიუმების გათვალისწინებით მიმდინარეობს. თითოეული დევნილი ოჯახის მიერ შევსებულ აპლიკაციას ენიჭება შესაბამისი ქულა, რაც ბინის მიღების რიგითობას განსაზღვრავს.

სამინისტროს მონიტორინგის სამსახური დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებულ ქულებს ადგილზე ამოწმებს. გადამოწმებული განაცხადები, გადაწყვეტილების მისაღებად, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას წარედგინება.

გორში, 480 დევნილი ოჯახისთვის 8 ათსართულიანი კორპუსის მშენებლობა თითქმის დასრულებულია. ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი 1216-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები