ახალი ამბები
საკრებულოში ,,შენების მოძრაობა" ბადრი ნანეტაშვილის ნაცვლად პაპუნა კობერიძის შეყვანას განიხილავს
2017 წლის 21 ოქტომბერს ჩატარებულ ადგილობრივი არჩევნების შედეგების მიხედვით, გორის საკრებულოში ,,შენების მოძრაობიდან", მხოლოდ,  სიის პირველი ნომერი და, ამავე დროს, ტელეკომპანია ,,თრიალეთის" მფლობელი ბადრი ნანეტაშვილი მოხვდა. 

მიუხედავად ამისა, მოძრაობის ადგილობრივმა წევრებმა დაიწყეს საუბარი იმის შესახებ, თუ ვინ იყო უკეთესი კანდიდატურა საკრებულოში შესაყვანად. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ირმა პაპიძე ესაუბრა.

პაპიძე ,,შენების მოძრაობის" მაჟორიტარი კანდიდატი იყო ვერხვები-კვერნაკის დასახლებაში:

,,არჩევნების შედეგების გაცნობის შემდეგ, იყო მაგაზე საუბარი, თუ ვინ იყო პარტიისთვის უკეთესი, რომ ასეთ საკრებულოში შესულიყო, განიხილებოდა პაპუნას კანდიდატურაც, თუმცა, საბოლოოდ, მე მათ აღარ შევხვედრილვარ, არ ვიცი, რა კონსესუსამდე მივიდნენ და რა გადაწყვიტეს" - აცხადებს ირმა პაპიძე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში.

მისი თქმით,  ახალი საკრებულო ძალიან ცუდი შემადგენლობისაა და ოპოზიციიდან იქ ისეთი კანდიდატი უნდა შევიდეს, რომელიც ხმას ამოიღებს:

,,ისე, მე თუ მკითხავთ, ძალიან ცუდი საკრებულოა და ისეთი კადრი უნდა შევიდეს ოპოზიციიდან, ვინც ხმას გამოიტანს გარეთ და ხმას ამოიღებს. მე პირადად ბადრის არ ვიცნობ ახლოს და არ ვიცი რა ღირსებები და ღირებულებების მატარებელი პიროვნებაა, მაგრამ, თუ მე მკითხავთ, ამისთვის სათანადო კანდიდატურად პაპუნას მივიჩნევ" - ამბობს ირმა პაპიძე.

პაპუნა კობერიძე ,,შენების მოძრაობის" გორის ორგანიზაციის სიის მეორე ნომერია. თუ ბადრი ნანეტაშვილი საკრებულოს წევრობაზე უარს იტყვის, საკრებულოში პაპუნა კობერიძე მოხვდება.

გორის საოლქო საარჩევნო კომისიას საბოლოო შედეგები ჯერ არ გამოუცხადებია. ახალი საკრებულო და მისი შემადგენლობა, სწორედ, კომისიის თავმჯდომარემ უნდა წარადგინოს ოფიციალურად. კომისიის თავმჯდომარის, მალხაზ მირუაშვილის განცხადებით, 27 ოქტომბრის მდგომარეობით, პროპორციული სიის ცვლილების თაობაზე ,,შენების მოძრაობის" წარმომადგენლებს განცხადებით არ მიუმართავთ.

მოძრაობაში არსებულ მოსალოდნელ ცვლილელებთან დაკავშირებით, ჯერ-ჯერობით არ საუბრობენ ადგილობრივი წარმომადგენლები - სოსო ვახტანგაშვილი და პაპუნა კობერიძე. ,,შენების მოძრაობის" პრეს-სამსახური გიორგი დვალიშვილი ამბობს, რომ საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არაა, თუმცა დილით დაგვპირდა, რომ ბადრი ნანეტაშვილს პირადად დაუკავშირდება და აზრს ჰკითხავს. 

ფოტოზე: (მარცხნიდან მარჯვნივ) - პაპუნა კობერიძე, დავით ონიაშვილი, ბადრი ნანეტაშვილი, სოსო ვახტანგაშვილი
Print

სტატიის გამოყენების პირობები