ახალი ამბები
ცხინვალის მთავრობამ ბარსელონაში ოფისი გახსნა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბარსელონაში ოფისი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის მედია ავრცელებს.

დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, კატალონიაში სამუშაო ვიზიტით დიმიტრი მედოევიც იმყოფებოდა.

,,კატალონიაში დიმიტრი მედოევი თანამემამულეებს შეხვდა, რომლებიც მანძილის მიუხედავად, სამშობლოსთან კავშირს ინარჩუნებენ და ცდილობენ სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, დასავლეთში უტყუარი ინფორმაცია, გაავრცელონ", - აცხადებს დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.

გავრცელებულ განცხადებაში არაა აღნიშნული რაიმე ფაქტი იმის შესახებ, რომ მედოევი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. მედოევის განცხადებით, ბარსელონაში წარმომადგენლობის გახსნა ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების, პირველ რიგში, კულტურის სფეროში და ჰუმანიტარულ სფეროში, გამყარებას.

როგორც ცნობილია, კატალონიამ ესპანეთისგან გამოყოფა და დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საქართველოს მთავრობა გმობს კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას და ესპანეთის მთავრობის მიერ განხორციელებულ მცდელობებს, რათა აღადგინოს კანონიერება, მხარს უჭერს..

„საქართველოს მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და კატალონიას განიხილავს ესპანეთის განუყოფელ ნაწილად. საქართველოს მთავრობა გმობს კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას და მხარს უჭერს ესპანეთის მთავრობის მიერ განხორციელებულ მცდელობებს აღადგინოს კანონიერება და დაარეგულიროს სიტუაცია ესპანეთის კონსტიტუციის, კანონის უზენაესობისა და ესპანეთის ყველა მოქალაქის უფლებების პატივისცემით. საქართველოს მთავრობა დიდად აფასებს ესპანეთის სამეფოსთან, როგორც ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან პარტნიორთან, მტკიცე თანამშრომლობას, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთკავშირებზეა დაფუძნებული“, - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები