ახალი ამბები
გამყოფ ხაზთან მდებარე სკოლების პედაგოგები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ გამართულ სემინარს ესწრებიან
სემინარი „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ დღეს დაიწყო, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტიდან, გამყოფ ხაზთან მდებარე სკოლების 20-მდე პედაგოგი ესწრება.

სემინარი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ, სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ გახსნეს. ოფიციალური გახსნის შემდეგ, მონაწილეებისა და სახელმწიფო მინისტრების შეხვედრა დისკუსიით გაგრძელდა.

პედაგოგები ინფორმაციას ნატოს ისტორიის, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის, სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეირაღებული ძალების მონაწილეობის, ასევე, ნატოს გარშემო გავრცელებული შეხედულებებისა და რეალური ფაქტების შესახებ, ორი დღის განმავლობაში მოისმენენ.
,,დღეს ძალიან საინტერესო საკითხები მოვისმინე. ზოგი რამ ვიცოდი, ზოგიც ჩემ ცოდნას დღეს დავუმატე. დარწმუნებული ვარ ხვალინდელი დღე კიდევ უფრო მეტად საინტერესო იქნება. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის განსაკუთრებით ამ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება. ჩვენ ვასწავლით გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეებს, რომლებმაც აუცილებლად უნდა იცოდნენ რას ნიშნავს ნატო, რა სიკეთეებს მოგვიტანს ევროკავშირსი გაწევრიანება და ა.შ.“ –აცხადებს წითელუბნის სკოლის პედაგოგი მაია ჩიტაძე.

,,დღევანდელი დღიდან ლიტვის ელჩის მოხსენებას გამოვყოფ. მან ჩვენთან იმ წინააღმდეგობებზე ისაუბრა, რც მისმა ქვეყანამ ნატოსკენ მიმავალ გზაზე გადალახა. მთლიანობაში ინფორმაციით დატვირთული დღე გვქონდა, ნატოს სამეკავშირო ოფისის წარმომადგენელმა და ქართველმა მინისტრებმა ბოლო პერიოდში ამ კუთხით საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და ქვეყნის ამჟამინდელი მდგომაეობის შესახებ გაგვაცნეს ინფორმაცია. ამ ყველაფერის გაზიარებას რა თქმა უნდა სოფელში დაბრუნებისთანავე ჩვენ მოსწავლეებთან შევუდგებით“-ამბობს მერეთის სკოლის პედაგოგი ნატალია მოსახლიშვილი.

პროექტის წლევანდელი დასკვნითი სემინარი საინფორმაციო ცენტრმა შიდა ქართლში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციასთან "მეგობრობის ხიდი ქართლოსი" თანამშრომლობით განახორციელა.

,,გამყოფის ხაზთან მდებარე სოფლის პედაგოგებს ორმაგად რთულ სიტუაციაში უწევთ ცხოვრება და მუშაობა. დღევანდელი შეხვედრაც მნიშვნელოვანია მათთან, რადგან რუსეთის გავლენის ფონზე უწევთ ნატოსა და ევროკავშირზე საუბარი მოსწავლეებთან. მასწავლებლების ცნობიერების ამაღლება ესაა გარანტი საღად მოაზროვნე მომავალი თაობის. რადგან ნატოა გარანტი ჩვენი მშვიდობიანობისა და სტაბილურობისა.“-განმარტავს ,,ქართლოსის“ წარმომადგენელი ლანა ფერაძე.

სემინართა ციკლი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით მეხუთე წელია იმართება. ყოველწლიურად სემინარში თბილისელ კოლეგებთან ერთად სხვადასხვა რეგიონის მასწავლებლები მონაწილეობენ. პროექტის ფარგლებში დაახლოებით 600-მდე პედაგოგი უკვე გადამზადდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე. პროექტის ფარგლებში მე-20 სემინარი 31 ოქტომბერს დასრულდება.








Print

სტატიის გამოყენების პირობები