ახალი ამბები
68-წლის პედაგოგისთვის დროში შეცვლილი ღირებულება ქვეყნის საგარეო კურსზე
68-წლის ნათელა ვაზაგაშვილი ნატოსა და ევროკავშირის ცენტრის ოფისში სემინარზე დასასწრებად მეჯვრისხევიდან ჩავიდა. ის ამ სოფლის საჯარო სკოლაში 44 წელია გეოგრაფიას ასწავლის. ფიქრობს, რომ პედაგოგის მუდმივი განვითარება აუცილებელია და სწორედ ამ მიზნით სხვადასხვა თემაზე მოწყობილ შეხვედრებს აქტიურად ესწრება.

,,როცა გავიგე, რომ ევროკავშირისა და ნატოს თემებზე ტარდებოდა შეხვედრა, სიხარულით გამოვხატე სურვილი მონაწილეობის მიღების შესახებ. ორი დღის განმავლობაში ზღვა ინფორმაცია მივიღე და დღეს უკვე ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩვენი ქვეყანაც შეუერთდება ამ დიდ ოჯახს. სემინარზე იმ ქვეყნების ისტორიაც გაგვაცნეს, რომლებიც უფრო რთულ სიტუაციაში იყვნენ, მაგრამ გადალახეს დაბრკოლებები. ამიტომ უფრო დიდი იმედი გამიჩნდა, რომ მოვესწრები ჩვენი ქვეყნის შესვლას ევროკავშირისა და ნატოს შემადგენლობაში" - ამბობს ნათელა ვაზაგაშვილი.

კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მასწავლებელი განმარტავს, რომ სოციალური პირობებისა და ნოსტალგიის წყალობით,  სოფელში ძველ, საბჭოთა დროს ისევ მისტირიან და ახალი თაობისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება ამ კუთხითაც ორმაგად მნიშვნელოვანია.

,,სემინარზე ყველა გამომსვლელს ყურადღებით ვუსმენდი, აბსოლუტურად ყველაფერი ჩავიწერე, რასაც საუბრობდნენ. ერთი დიდი სავსე რვეულით ვბრუნდები სოფელში და უკვე დავგეგმე, მოსწავლეებს და კოლეგებს რა სახით შეიძლება გავუზიარო მიღებული ცოდნა. არ მინდა, რომ სოფელში  უფროსი თაობის წინააღმდეგ გამოვიდე, როგორც კომუნისტურ რეჟიმში გაზრდილი პიროვნება, მაგრამ სახეზეა მისი უარყოფითი შედეგებიც. ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტია მომავალი თაობის ხელშია. მინდა, ახალგაზრდების სწორი აზროვნების ჩამოყალიბებაში საკუთარი წვლილი შევიტანო“ - გვითხრა მან.

მეჯვრსხევიდან მასთან ერთად აღნიშნულ სემინარს კიდევ ერთი პედაგოგი ესწრებოდა. ნათელა ვაზაგაშვილი მეჯვრისხევის სკოლაში პედაგოგებისა და მასწავლებლებისთვის შეხვედრის მოწყობას სწორედ მასთან ერთად გეგმავს.  ინფორმაციით სავსე რვეული,  სპეციალურად სკოლისთვის შექმნა, რომელიც როგორც თავად განმარტავს, სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობის დროს, მოსწავლეებსაც გამოადგებათ.

,,ჩემი მოსწავლეები კონკურსებში ხშირად მონაწილეობენ, სხვათა შორის სულ ახლახანს ჩემი მოსწავლის ესემ გაიმარჯვა. ეს ჩემთვის უფრო მეტი სტიმულის მომცემია. სადაც პედაგოგებისთვის რაიმე ტარდება, ყველგან მინდა ჩავერთო და აქტიური მონაწილე ვიყო, ისევ მოსწავლეების სასიკეთოდ“ - ამბობს პედაგოგი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლიდან.










Print

სტატიის გამოყენების პირობები