ახალი ამბები
სოფლის განვითარების ადვოკატირების თემაზე შიდა ქართლში ტრენინგი ტარდება
დღეს, გორში, სოფლის განვითარების ადვოკატირების შესახებ, ტრენინგი იმართება. შეხვედრას, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში,  სამოქალაქო საზოგადოების 30-მდე წევრი ესწრება.

რეგიონის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციების, ასოციაციების, ასევე, თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული არაკომერციული იურიდიულლი პირების (ააიპ) წარმომადგენლები სოფლის განვითარების ეროვნულ პოლიტიკას ეცნობიან.

,,გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარია სოფლის მეურნეობის ეროვნული პოლიტიკის მნიშვნელობაზე, პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში დაინტერესებულ მხარეთა როლის შესახებ, ევროკავშირის LEADER (სოფლის ეკონომიკის განვითარების ღონისძიებებს შორის კავშირი) მიდგომისა და ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების ევროპული პრაქტიკის საქართველოში დანერგვის შესახებ" - აღნიშნავენ შეხვედრის ორგანიზატორები.

ტრენინგი 2 ნოემბერსაც გაგრძელდება. აღნიშნული შეხვედრა მეორეა ტრენინგების სერიიდან, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება.

ტრენინგ-პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის განვითარების ადვოკატირებასა და სამოქალაქო აქტივობის გაზრდას საქართველოს რეგიონებში. მიმდინარე წლის ბოლომდე, ტრენინგები დაგეგმილია მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიასა და აჭარაში.

ღონისძიება ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ფარგლებში, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) ორგანიზებით, იმართება.

ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და 2013-2019 წლებისათვის მისი ბიუჯეტი 102 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას.



Print

სტატიის გამოყენების პირობები